პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, არ ველოდი, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდაო.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის ელოდა, რომ მის მხარდამჭერებს შესაძლოა „გარკვეული დისკომფორტი“ შექმნოდათ, მაგრამ „ვერ წარმომედგინა ის, რაც დღეს ხდება. ის, რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო და უნდა გადამედგა“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ ზეწოლისა და მოსყიდვის არაერთი მცდელობა იყო.
„მე კარგის ნაწილიც ვიყავი და ცუდისაც. ბევრი რამე მომხდარა ჩვენს თავს, მაგრამ ვერ წარმომედგინა, არ ვუშვებდი, რომ „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ფასეულობებზე უარს იტყოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.