Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო იწყებს „რუსთავი 2"-ის საქმის არსებით განხილვას


დავით დვალი
დავით დვალი

15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავა იწყებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვას. „სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის და სრული უიმედობის ფონზე, იწყება რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა..." - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე დვალმა.

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს მაისში გადასცა საქმის მასალების 12 ტომი, რომელიც მათ, როგორც ამ საქმეზე დაზარალებულების სტატუსის მქონე პირებმა, 2021 წლის 12 აპრილს მოითხოვეს. დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი 2015 წლიდან აქვთ, თუმცა მანამდე საქმის მასალების გაცნობა მათ მხოლოდ პროკურატურაში შეეძლოთ.

დავით დვალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მასალებში ძირითადად ჩვენებებია. „საინტერესო იმ მხრივ არის, რომ უშუალოდ 2004 წლის ამბების მონაწილეები იძლეოდნენ ჩვენებებს, თუმცა ბევრი სხვა რაღაც არის, მათ შორის გაკოტრების მასალები და ა.შ. ყველაზე საინტერესო ის მონაწილეები არიან, რომლებიც პრაქტიკულად ერთხმად აღიარებენ, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დათმობა. ხელისუფლების ინტერესი იყო ამაში. ამის დასამტკიცებლად ჩვენ 15 სექტემბერს გვექნება განხილვა. აქამდე იყო მოსამზადებელი სხდომები. პრინციპში ჩვენი სიტყვით გამოსვლებიც უნდა იყოს და იქ შევეცდებით დავამტკიცოთ", - გვითხრა დავით დვალმა.

აღსანიშნავია, რომ დვალი-აქიმიძის სარჩელი ბევრი თვალსაზრისით ჰგავს „რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი მეპატრონის ქიბარ ხალვაშის სარჩელს.

„მთელი იდეა ამ სასამართლო პროცესის სწორედ ის არის, რომ სულ რამდენიმე წლის წინ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პრაქტიკულად გავლილია ყველაფერი. ერთი-ერთზე იმეორებს ჩვენი სარჩელი ამ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშის სარჩელს, იმისთვის, რომ არ იყოს არანაირი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალება სასამართლოს მხრიდან. ერთი-ერთზე იმეორებს სარჩელს, რომელიც ქიბარ ხალვაშმა სამივე ინსტანციაში მოიგო.

ჩვენ ახლა ხო ვიწყებთ განხილვას, დაახლოებით სარჩელის შეტანიდან ორ წელში, ამ პერიოდში სამივე ინსტანციაში მოგებული ჰქონდა ქიბარ ხალვაშს. ჩვენ შემთხვევაში, იმედია, 15 სექტემბერს პირველი ნაბიჯი გადაიდგმება", - ამბობს დავით დვალი.

„რუსთავი 2"-ის თანადამფუძნებელი ბოლომდე აპირებს სამართლებრივი გზის გავლას.

„დღევანდელ მდგომარეობაში ჩვენი სასამართლო, რაც არის ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და რაც მთავარია, ბოლომდე მივყვებით. ყველა ინსტანციას გავივლით", - გვითხრა დვალმა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში კვლავ დაირეგისტრირა. მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი, საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება. 2019 წლის 30 ივლისს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს.

სასამართლომ 2019 წლის ოქტომბერში კი დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG