Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტართა ჯგუფმა ნავალნი სახაროვის პრემიაზე წარადგინა


ევროპარლამენტში შექმნილმა ჯგუფმა, „ევროპის განახლება“, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ანტიკორუფციონერი ბლოგერი, ალექსეი ნავალნი, წარადგინა აზროვნების თავისუფლებისათვის სახაროვის პრემიაზე.

ევროპარლამენტის ჯგუფის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ხაზგასმულია, რომ რუსმა ოპოზიცონერმა პოლიტიკოსმა და აქტივისტმა სახელი გაითქვა რეფორმების მხარდამჭერი აქციებით, კორუფციის მხილებითა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით.

45 წლის ნავალნი შარშან აგვისტოში, რუსეთში, ციმბირიდან უკან დაბრუნებისას, ცუდად გახდა თვითმფრინავში. რამდენიმე დღეში ის ბერლინში გადააფრინეს და იქ იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოწამლეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნერვული გაზით.

ნავალნი პუტინს ადანაშაულებს მოწამვლაში, კრემლი უარყოფს თავის კავშირს მომხდართან.

ნავალნი ბერლინიდან უკან დაბრუნებისთანავე დააკავეს და იმის გამო, რომ ადრე პირობითი სასჯელი გამოუტანეს, განაწესის დარღვევისთვის სასამართლომ ორი წლითა და რვა თვით კოლონიაში ყოფნა მიუსაჯა.


ალექსეი ნავალნი იბრძვის იმ ყველაფრისათვის, რასაც ევროკავშირი დაჟინებით ითხოვს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სიმართლისა და თავისუფლებისთვის, - წერს ჯგუფ „ევროპის განახლების“ წევრი, ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG