Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმოიდგინეთ თბილისი ლისის გარეშე  - ტბა შრება


ლისის ტბაში წყლის დონემ დაახლოებით 2 მეტრით დაიწია. იქ, სადაც ადრე თევზები დაცურავდნენ, ახლა ქვიანი ნაპირია. ტბის გადასარჩენად სოციალური ქსელით პეტიცია ვრცელდება, ხელმომწერები არემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ.

იზოლდა ქოქუაშვილს ლისის ტბაზე პატარა სავაჭრო ობიექტი აქვს - წლებია, ტბას უყურებს.

მინიმუმ 8-10 მეტრით არის წყალი ნაპირს დაშორებული. ტბა აღარაა, ჭაობად იქცა. 4-5 წელია უკვე, პატრონი არავინ ჰყავს. მერიასაც, სლენგს ვიხმარ და, სულ ფეხზე კიდია. ხალხი დადის, სავსეა აქაურობა, მაგრამ რად გინდა, წყლიდან ჭაობის სუნი მოდის. რომ დაშრეს, ეს ხალხი ტბის გარეშე და სუფთა ჰაერის გარეშე დარჩება. თბილისელებს წაართმევენ დასვენების ერთ-ერთ საუკეთესო წყაროს“, - ამბობს იზოლდა ქოქუაშვილი.

წლების შემდეგ გამეორებული ისტორია

ლისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე პირველად 90-იან წლებში დადგა. ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ნინო ჩხობაძე წერს, რომ მაშინ ტბაში წყლის დონე, რომელიც თითქმის 3 მეტრი იყო, 20 სანტიმეტრამდე ჩამოვიდა. წყალში თევზები დაიხოცა, გარშემო კი მწვანე საფარი გახმა.

ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექს „ლისის ტბის“ ხელმძღვანელი რამაზ ახვლედიანი, რომელიც ლისის ტბაზე წყალსარგებლობის ლიცენზიას (წყლით სარგებლობა, წყლის ამოღების გარეშე) ფლობს, ამბობს, რომ 90-იან წლებში ორგანიზაციამ ნაწილობრივ საკუთარი, ნაწილობრივ კი მერიის დაფინანსებით ნუცუბიძის IV პლატოზე გრუნტის წყლები მოძებნა და 2-კილომეტრიანი მილსადენით ტბის შევსებას შეუდგა. მაშინ წყლის დონე ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, როგორც აღმოჩნდა, დროებით.

2020 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, ტბაში წყლის დონე 1.5-2 მეტრით არის დაწეული, წყლის მოცულობა კი შემცირებულია 700-900 ათასი კბ/მ-ით.

რა დაემართა ლისს

ტურისტულ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა „ლისის ტბამ“ ლისის წყლის წყალსარგებლობის ლიცენზია 1999 წელს აიღო. მოგვიანებით კომპანიამ ტბის მიმდებარე ტერიტორიაც შეიძინა, რომელიც, როგორც რამაზ ახვლედიანი ჰყვება, 2006 წელს დაათმობინეს, ანუ ფინანსთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს ქონება სახელმწოფოსთვის საკუთარი ნებით გადაეცა. მოგვიანებთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფომ ისევ გამოიტანა აუქციონზე. 2010 წელს, ის პირდაპირი მიყიდვის გზით, 2 000 000 მლნ აშშ დოლარად გადაეცა მამუკა ხაზარაძის კომპანიას, „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“, რომელსაც ის ამჟამადაც ფლობს. ამ გაყიდულ ტერიტორიაზე მოხვდა სატუმბი სადგურიც, საიდანაც ლისის ტბაში წყალი ჩადიოდა. უშუალოდ ტბა მაშინაც და დღესაც სახელმწიფო საკუთრებაშია.

ადრე ტბა ამ ხემდე აღწევდა.
ადრე ტბა ამ ხემდე აღწევდა.

მიუხედავად გასხვისებული ტერიტორიებისა, რამაზ ახვლედიანის კომპანია წყალსარგებლობის ლიცენზიას კიდევ რამდენიმე წელი ფლობდა, მაგრამ შემდეგ ესეც სადავო გახდა.

„2014 წლისთვის კანონში შევიდა ცვლილება, გაქრა წყალსარგებლობის ლიცენზიის სტატუსი. ამის შემდეგ სახელმწიფოს პოზიცია ასეთი იყო: მსგავსი განმარტება კანონში აღარ არის და ლიცენზიის მფლობელად აღარ გაღიარებო. წავედით სასამართლოში“, - ჰყვება რამაზ ახვლედიანის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი.

ერთი ინსტანციიდან მეორეში სიარულს წლები დასჭირდა. საბოლოოდ, 2020 წელს, უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ კომპანიის ლიცენზია ნამდვილია და მას ვადა 2024 წლამდე აქვს, ამასობაში კი ლისის ტბა, ფაქტობრივად, განახევრდა.

„დაგვხვდა დამშრალი ლისის ტბა, სხვის სარგებლობაში გადასული სატუმბი სადგური, მიწით შევსებული არხები, გადაჭრილი მილსადენები, ანუ თუ რამე შეიძლებოდა ლისის ტბას დამართნოდა, ყველაფერი დაემართა. ახლა თევზის რესურს ვსწავლობთ. თევზი გვყავდა ტბაში გაშვებული, რომელიც ლერწმებს ჭამდა და წყლის ზედაპირს ასუფთავებდა. რამდენი დარჩა, არ ვიცით, - ამბობს რამაზ ახვლედიანი.

გუბედ ქცეული დასასვენებელი ადგილი

ლისის ტბა რამდენიმე მიზეზის გამო შრება. ტბაში წყალი აღარ იღვრება სატუმბი სადგურიდან, მოშლილია და მიწით სავსეა არხები, რომლებიც სოფელ თხინვალადან და სოფელ ლისიდან მოდიოდა. ამ ყველაფერს თან დაერთო კლიმატის შეცვლაც.

არხებში, საიდანაც ტბაში წყალი ჩადიოდა ახლა ხეები და ბალახი იზრდება.
არხებში, საიდანაც ტბაში წყალი ჩადიოდა ახლა ხეები და ბალახი იზრდება.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა დავით გუბალაძემ საკითხი შეისწავლა და შეადგინა გეგმა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ტბა გადარჩეს. მასში წერია, რომ დღეს ლისის მიმდებარე ხევებს გაზაფხულზეც კი აღარ შეუძლიათ ტბის შევსება.

სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება ტბაში წყლის რაოდენობა, რაც გამოიწვევს არა მარტო მისი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, არამედ რეკრეაციული ფუნქციის მოშლასაც“, - წერს დავით გუბალაძე.

მისივე რეკომენდაციით, აუცილებელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი წყაროების, ზედაპირული წყლებისა და ადრე არსებული არხების შესწავლა და გაწმენდა. ასევე შესასწავლია ტბის მიმდებარე ტერიტორიის ჰიდროლოგია და ჰიდროგეოლოგია.

წყალი ნაპირიდან მნიშვნელოვნადაა დაშორებული.
წყალი ნაპირიდან მნიშვნელოვნადაა დაშორებული.

2020 წელს გარემოს დავცის სამინისტროს წერილობით მიმართა გარემოსდამცველმა ნინო ჩხობაძემ:

ლისის ტბას განმეორებით რომ არ შეექმნას არსებობის საშიშროება (რომლის რეაბილიტაციაზეც დიდი თანხები და ძალისხმევა იყო დახარჯული), გთხოვთ, თქვენი სამინისტროს ორგანიზებით შეიქმნას კომპლექსური კომისია (ჩვენი ორგანიზაციის და ბატონ რამაზ ახვლედიანის ჩართულობით), რომელიც შეისწავლის და დროულად შეიმუშავებს ლისის ტბის გაჯანსაღების კომპლექსურ პროგრამას. ჩვენი აზრით, ეს ტბის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა“.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ლისის ტბასთან დაკავშირებით მხოლოდ გეგმიურ კვლევებს ატარებენ და ზედაპირული წყლის დაბინძურების ხარისხს სწავლობენ. გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები არ ტარდება.

რამაზ ახვლედიანი ამბობს, რომ კვლევების ჩასატარებლად სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად თავად მოიწვია ექსპერტები.

ექსპერტების ჯგუფი სწავლობს ლისის ტბის ახლანდელ მდგომარეობას. ვცდილობთ ახალი გრუნტის წყალიც ვიპოვოთ, რომელიც პირდაპირი დინებით ჩამოვა ტბაში. სახელმწიფოსგან ერთი ის მინდა, როდესაც დოკუმენტაციას წარვუდგენ, შექმნან ჯგუფი და განსაზღვრონ ეს ასეა თუ ასე არ არის, თუმცა ვთავაზობთ, რომ სამინისტროს წარმომადგენლი აქედანვე ჩაერთოს პროცესში. ჩვენ მზად ვართ ხელახლა დავაფინანსოთ სამუშაოები. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფოსთან ურთიერთობას შევძლებთ და მომავალ გაზაფხულზე ლისის ტბა შევსებული იქნება, - ამბობს რამაზ ახვლედიანი.

მიუხედავად ტბასთან დაკავშირებული სადავო საკითხებისა, ის ყოველთვის სახელმწიფოს ეკუთვნოდა. შესაბამისად, სახელმწიფო აგებდა პასუხს მის მდგომარეობაზე. კითხვაზე, თუ რატომ მივიდა ტბა დაშრობის პირას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ამბობს:

ასე არ არის, რომ ლისის ტბა ახლა გაგვახსენდა. ყოველთვის გვახსოვდა. დაგეგმილი გვაქვს ჩავატაროთ კვლევა, რომელიც დაადგენს ისტორიულად ტბა როგორ წარმოიშვა, რითი საზრდოობდა და ამ წყაროებიდან დღეს რა დაგვრჩა. კვლევა გვეტყვის, რა გამოსავალი არსებობს ტბის გადასარჩენად. ლისი ხელოვნური ტბაა და ის მექანიკურადაც ივსებოდა. უნდა დავადგინოთ რა კვება ტბას და რაც დაზიანებულია, აღვადგინოთ“.

მერიაში იმასაც აცხადებენ, რომ თუკი კვლევის შედეგად რომელიმე კერძო მესაკუთრის ბრალეულობა გამოიკვეთა, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG