Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და უკრაინაში ერთდროულად მიმდინარეობს მასშტაბური სამხედრო წვრთნები


წვრთნა Rapid Trident-2021, ლვოვის ოლქი
წვრთნა Rapid Trident-2021, ლვოვის ოლქი

რუსეთის სამხედროებმა დაიწყეს მასშტაბური მანევრები, რომლებშიც მონაწილეობენ ქვეითი და შავი ზღვის ფლოტის დანაყოფები.

პარალელურად უკრაინაში, ლვოვის ოლქში, სტარტი აიღო უკრაინა-აშშ-ის ერთობლივმა წვრთნებმა, Rapid Trident-2021.

რუსეთის არმიის წვრთნაში მონაწილეობს 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 800 ერთეულემდე ტექნიკა და იარაღი. წვრთნა მიმდინარეობს პოლიგონებზე თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში, როსტოვის ოლქში, ჩეჩნეთსა და ანექსირებულ ყირიმში.

აშშ-უკრაინის წვრთნა, Rapid Trident-2021, 1 ოქტომბრამდე გასტანს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 6 ათასამდე ადამიანი. ორგანიზატორ ქვეყნებს შეუერთდებიან საქართველოს, ბულგარეთის, კანადის, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ღონისძიებაში სულ 15 ქვეყნის კონტინგენტები მიიღებენ მონაწილეობას.

პარალელურად იუწყებიან, რომ 22 სექტემბერს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაიწყება სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნა "გაერთიანებული ძალისხმევა - 2021". როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, იგეგმება დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკის და სამხედროების გადაადგილება.

სექტემბერში უკვე ჩატარებული, რუსეთ-ბელარუსის წვრთნების შესახებ ლაპარაკისას კიევში აღნიშნეს, რომ ამ წვრთნებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის შეიძლებოდა შეექმნა გამოწვევა. РБК Украина 20 სექტემბერს აქვეყნებს ინტერვიუს გაერთიანებული ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი ნაევისთან, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეეძლება ნებისმიერ მოსახერხებელ დროს გადავიდეს რეალურ საბრძოლო მოქმედებებზე უკრაინის სამხრეთით.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს უკრაინის მიმართ აგრესიის ბრალდებას, ხოლო ყირიმის მიერთებას უწოდებს ისტორიული სამართლის აღდგენას. მოსკოვშიც და მინსკშიც, უკვე დასრულებული ერთობლივი წვრთნის, "დასავლეთი-2021" კომენტირებისას ხაზს უსვამდნენ, რომ ის მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მანევრებს ლოგიკური უწოდა და ახსენა "ნატოს ყოფნის გაფართოება მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებთან და ОДКБ-ის [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის] სივრცესთან".

XS
SM
MD
LG