Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საელჩოების" ცნობით, დუმის არჩევნებში მიცემული ხმებიდან 25 000 აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდანაა"


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში ხმას აძლევს რუსეთის დუმის არჩევნებში
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმში ხმას აძლევს რუსეთის დუმის არჩევნებში

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გახსნილი „საელჩოების“ წინასწარი მონაცემებით, დუმის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებმა, ან დროებით მყოფმა რუსეთის 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ - 14 ათასზე მეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში და 11 ათასზე მეტმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის არიან რუსული ბაზების სამხედროები, რომელთა საერთო რიცხვი 8 ათასამდეა.

დუმის არჩევნებში ხმა მისცეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ანატოლი ბიბილოვმა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში ხმას აძლევს რუსეთის დუმის არჩევნებში
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში ხმას აძლევს რუსეთის დუმის არჩევნებში

დუმის არჩევნებისთვის რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი შეუერთა ჩიტის, იმიერბაიკალეთის, ვორონეჟის, სამარის და ლენინგრადის ოლქებს.

რუსეთის დუმის არჩევნებისთვის, რომელიც 17-19 სექტემბერს ჩატარდა, ოკუპირებულ აფხაზეთში 9 უბანი იყო გახსნილი, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - 10.

რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ანუ 2008 წლის აგვისტომდე, წლებით ადრე დაიწყო „პასპორტიზაციის პროცესი“ და იქ მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა. საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. დაუზუსტებელი მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 53 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო აფხაზეთში - 240 ათასამდე.

რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 450-წევრიან დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ "ერთიანი რუსეთი". რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ 4-მა საარჩევნო სუბიექტმა: „კომუნისტური პარტია“, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები-სიმართლისთვის“ და „ახალი ხალხი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG