Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო - საია


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიწყო 20-21 ივნისის საქმეზე დავის პროცედურა. სასამართლომ საქართველოს მთავრობას 20-21 ივნისის საქმეებზე პოზიციის წარმოდგენის ვადა განუსაზღვრა.

საია-მ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული 22 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინეს, ხოლო სასამართლომ საჩივართა თაობაზე საქართველოს მთავრობას 2021 წლის 7 ივნისს აცნობა.

საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს 2021 წლის 9 დეკემბრამდე უპასუხოს.

სახელმწიფოს, ასევე, ევალება 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალების წარდგენა. საია-ს ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს.

2019 წლის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა. მათ შორის რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, დაკარგა თვალი და მხედველობა.

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

XS
SM
MD
LG