Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით წარმოებაში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივარი მიიღო. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრში“ განმარტავენ, საქმე სახელწოდებით „ბერიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. აქციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

ვახტანგ ბერიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რათა გამოეხატა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ ამ აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად, ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან - მხრის მიდამოდან ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში.

„მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს. ვახტანგ ბერიკაშვილი საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" თავიდანვე ითხოვდა, დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულ კიდევ სამ მოქალაქეს იცავს. მათ დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ მიანიჭა, რაც სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაარეგისტრირა და ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაიწყო.

2019 წლის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, დაკარგა თვალი და მხედველობა.

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG