Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია დმანისში აქციას მართავს


ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა), ელენე ხოშტარია (დროა) და კახა ოქრიაშვილი (პროგრესი და თავისუფლება) დმანისში 21 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. აქციაზე რამდენიმე ათეული მოქალაქეა შეკრებილი.

"მოგესალმებით, დმანისელებო, მაგარო ადამიანებო, ვაჟკაცო ადამიანებო, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, რაც თქვენ გადაიტანეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რასაც თქვენ უძლებთ, მხოლოდ ამიტომ ხართ ძალიან მაგარი საქართველოს მოქალაქეები და მეამაყება, რომ ასეთი ადამიანები ცხოვრობთ ამ ქვეყანაში.

უძლებთ ძალადობას, ხანჯლების ქნევას, დაჭრას, იარაღიდან გასროლებს, მაგრამ მაინც ვერ გაგტეხეს და ვერასდროს ვერ გაგტეხავენ. მთელმა საქართველომ გაიგო, რა მაგარი ადამიანები ცხოვრობთ დმანისში", - განაცხადა მელიამ სიტყვით მიმართვის დროს.

გუშინ, 21 სექტემბერს, ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას. ამ ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაკავებულია ამავე სოფელში "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ლიდერი შალვა პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას უწოდებს 21 სექტემბერს დმანისში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ამ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.

"ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, ყველა მოძალადე დაისჯება კანონის შესაბამისად. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით ბოლო დღეებია მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის საარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. სამწუხაროდ, დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG