Accessibility links

site logo site logo

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წინასაარჩევნო კამპანიაზე: მოლოდინი მაქვს, რომ ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ვარაუდობს, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დარჩენილ დროში ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა მოიმატებს და ეს „ქართული ოცნების“ მიერ იქნება წახალისებული. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც მესტიის N47-ე საარჩევნო ოლქში წარდგენილი სიის პირველი ნომერია, აღნიშნა, რომ „ტემპერატურის აწევა“ სწორედ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს:

„მოლოდინი მაქვს, რომ ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს. მათ შორის, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ „ოცნებამ“ გადაწყვიტა ისევ ისეთსავე რეჟიმში წაიყვანოს კამპანია, როგორც სხვა წინა არჩევნების დროს, რომ მაქსიმალური პოლარიზაცია მოხდეს და ამ პოლარიზაციამ მათ სასარგებლოდ იმუშაოს, რომ სააკაშვილის თუ ნაცების შიშით, ვიღაცეებმა ისევ მათ დაუჭირონ მხარი. ამის გამოძახილია მათ შორის ის ბანერები, რომლებიც გამოაკრეს და ამის გამოძახილია ის ძალადობა, რასაც ვუყურებთ, მათ შორის, გუშინ რაც მოხდა დმანისში, როცა ადამიანები დაასახიჩრეს.

გუშინ ჩვენთანაც იყო ძალადობის მცდელობა ქუთაისში, სადაც ჩვენ კანდიდატის წარდგენა გვქონდა. არ გამოუვიდათ, საბოლოო ჯამში, რაღაც ხმამაღალი ყვირილით შემოვიფარგლეთ, მაგრამ მაინც. მგონია, რომ ეგეთი ინციდენტები კიდევ უფრო მოიმატებს. წახალისებულია რაღაცნაირად და თან პლიუს დაუსჯელობის სინდრომია, არავის თავისიანებს ისინი არ სჯიან უკვე დიდი ხანია და ეს ყველამ იცის. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ არა აქვთ კარგად საქმე. მათივე შიდა კვლევებითაც კი ჩანს, რომ ისინი სავარაუდოდ 40 პროცენტსაც კი ვერ აიღებენ და, როგორც ჩანს, ბევრ რამეზე არიან წამსვლელები, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ. ანუ კარგის მოლოდინი არა მაქვს. უფრო ცუდის მოლოდინი მაქვს, ვიდრე კარგის მოლოდინი“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „საღამოს საუბრებში“.

გადაცემაში წინა არჩევნებთან 2 ოქტომბრის არჩევნების ერთ-ერთ პოზიტიურ განმასხვავებელ ნიშნად ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლე დაასახელა და აღნიშნა, რომ სასურველია, ძალადობრივ ინციდენტებზე მათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ:

„რატომ არ ხდება რეაგირება თუნდაც განცხადების დონეზე იმაზე, რაც გუშინ მოხდა დმანისში, ჩემთვის გაუგებარია. ის რომ მოხვდება რაღაც შუალედურ ანგარიშში არჩევნების შეფასების, ეს არ არის საკმარისი. ეხლა არის მაგაზე რეაგირება საჭირო, რომ მსგავსი რაღაცეები არ მოხდეს. დმანისში რაც მოხდა, ეს არ არის მარტო დმანისის პრობლემა და არ არის მარტო იმ კონკრეტული ადამიანების პრობლემა, ვინც დაჭრეს ან დაასახიჩრეს. ეს არის ზოგადი წინასაარჩევნო ფონის პრობლემა... ის გავლენას ახდენს ატმოსფეროზე, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ ატარებენ ოპოზიციური პარტიები კამპანიას და, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, და ეს რომ ჩაიწერება შუალედურ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება პირობითად 6 ოქტომბერს, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ეხლავე სჭირდება მაგას მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 1 პროცენტიც რომ აიღოს, საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG