Accessibility links

site logo site logo

და მაინც, გასდის თუ არა ვადა „ფაიზერს“?


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ დიდ ნაწილს ვადა წლის ბოლოს ეწურება. ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქვეყანას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ათვისების პრობლემა არ ექნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე, ასათვისებელია „ფაიზერის“ 600 000-ზე მეტი დოზა ვაქცინა:

ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

„ივლისის 25-დან ქვეყანაში შემოვიდა 1.5 მილიონი დოზა ვაქცინა. ორ თვეში უკვე გამოყენებულია 880 000 მდე. დარჩენილია 620 000 მდე. „ფაიზერის“ უმეტესობას, 65%-ს, ვადა აქვს წლის ბოლომდე, ნაწილს ნოემბრის ბოლომდე. ათვისებაში არ იქნება პრობლემა. პირიქით მეტი დაგვჭირდება და ყველამ უნდა მოვინდომოთ რომ სამიზნეზე გავიდეთ“, - მოსწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება რადიო თავისუფლებას ამირან გამყრელიძემ.

კითხვები „ფაიზერის“ ვადებთან დაკავშირებით, 22 სექტემბერს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან საუბრისას უკმაყოფილება გამოთქვა ვაქცინაციის ტემპის კლებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ფაიზერის" მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც საქართველოშია შემოტანილი, ვადა გასდის:

თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

„ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: „მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, „ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“

რისკი „ფაიზერის“ გაფუჭებისა, გამორიცხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მან განაცხადა, რომ „ფაიზერს“ ნოემბერში არ გასდის ვადა“.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამერიკული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტრანშით შემოვიდა, რეალურად, მოსალოდნელია, რომ მათ ნაწილს, შესაძლოა, მართლაც ისე გაუვიდეს ვადა, რომ ის ასათვისებელი დარჩეს.

  • „ფაიზერის“ პირველი, მცირე რაოდენობით, 29 250 დოზა ვაქცინა, ქვეყანაში 25 მარტს, კოვაქს პლატფორმის გავლით ჩამოვიდა. ეს დოზები მედპერსონალის, ხანდაზმული და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის განისაზღვრა.
  • მეორე, ასევე მცირე რაოდენობით „ფაიზერი“, 28 000 დოზა ვაქცინა, საქართველომ 14 ივლისს მიიღო. აღნიშნული დოზები ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“, მილიონ დოზა ვაქცინაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მივიღეთ და ისინი ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე განთავსებიდან რამდენიმე საათში ამოიწურა.
  • 24 ივლისს, ქვეყანამ აშშ-ის მთავრობის საჩუქარი, ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი მიიღო“.
  • 31 ივლისს, მას მოჰყვა „ფაიზერთან“, მილიონ დოზა ვაქცინაზე გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიღებული 162 630 დოზა ვაქცინა.

ამის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ეტაპობრივად, ფაქტობრივად, ყოველ კვირაში უნდა განხორციელებულიყო „ფაიზერთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მილიონი დოზა ვაქცინის ტრანშები.

თუკი თავდაპირველად, ქვეყანაში ვაქცინების შემოსვლის პროცესი აქტიურად ექცეოდა მედიის ყურადღების ცენტრში და ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯანდაცვის უწყებებიც ავრცელებდნენ, მოგვიანებით, ეს ინფორმაცია და მათ შორის, მაგალითად, ინფორმაცია ვაქცინის ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებითაც, აღარ გავრცელებულა.

ამირან გამყრელიძის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, გამოდის, ქვეყანას უკვე სრულად აქვს მიღებული „ფაიზერთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მილიონიანი დოზა ვაქცინა და აქედან ასათვისებელია 600 000 დოზა ვაქცინაზე მეტი.

19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აცრილი მოქალაქეების უმეტესობა „ფაიზერითაა“ ვაქცინირებული. მათ შორის, 515 225 ადამიანი ერთი დოზით, 348 092 - სრულად, ანუ, ორი დოზით.

მიუხედავად ამირან გამყრელიძის პოზიტიური მოლოდინისა, რომ ქვეყანას „ფაიზერის“ ათვისების პრობლემა არ ექნება, ფაქტია, რომ მოვლენები არც ისე საიმედოდ გამოიყურება. უკანასკნელი დღეებია, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლებს, შეიძლება ითქვას, რომ განახევრებულია ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი. მაგალითად, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 12 948 აცრა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ კი ვაქცინაციის რიცხვი 7 000-მდეც დავიდა. ბოლო დღეებია, ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რიცხვი 15 000-ს ვერ სცდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი უმეტესობა ვაქცინის მეორე დოზაა.

არადა, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულს, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად ვაქცინირებას გეგმავდა. ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის ფუნქციონერებმა აცრების ყოველდღიური რიცხვიც კი გამოითვალეს და თქვეს, რომ თუკი ქვეყანა მოახერხებდა ყოველ დღე 30 000-მდე მოქალაქის აცრას, დეკემბრისთვის გეგმა შესრულებული იქნებოდა. არადა, თუკი ვაქცინაციის სტატისტიკაში ჩავიხედავთ, დღეში 30 000 აცრა საქართველოში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ზუსტად ერთი თვის წინ, 23 აგვისტოს. ამ დღეს ქვეყანაში აიცრა 30 067 ადამიანი.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში დომინირებული „დელტა“ შტამის ფონზე, პოპულაციური იმუნიტეტისა და პანდემიის სამართავად, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაცია აღარაა საკმარისი. სპეციალისტები უკვე თანხმდებიან, რომ ახალი შტამების გაჩენასთან ერთად, პანდემიის ეფექტიანი მართვისთვის, ზრდასრული მოსახლეობის 80-90% და სრული მოსახლეობის 65-70% მაინც უნდა იყოს აცრილი.

საქართველოს რეალობა კი ასე გამოიყურება, კორონავირუსის სტატისტიკის საერთაშორისო პორტალის Ourworldindata-ს 21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებულია სრული მოსახლეობის მხოლოდ 18,34%. რაც შეეხება მოზრდილ მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ორჯერადად, ანუ სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25,9%.

რას გეგმავს საქართველო ე.წ. ბუსტერ დოზებისა და 12+ მოზარდების აცრაზე?

და მაინც, თუკი ვაქცინაციის ტემპი ასეთი ნელი ტემპით წავა, არ არის გამორიცხული, რომ მართლაც დადგეს დღის წესრიგში „ფაიზერის“ გარკვეული დოზების ვადის გასვლის, გაფუჭების პრობლემა.

ამ ფონზე, ხომ არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო, ვაქცინაციის საბჭო, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია 12 წლიდან დაუშვას ან ე.წ. ბუსტერ დოზები გამოიყენოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მარტ-აპრილში აიცრნენ? თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 12+ მოზარდების აცრა მხოლოდ "ფაიზერითაა" დაშვებული. ასევე "ფაიზერითაა" რეკომენდებული ბუსტერ დოზების გაკეთებაც.

ამ ორ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. მაგალითად, ზუსტად ერთი თვის წინ, 23 აგვისტოს, რადიო თავისუფლების კითხვას ე.წ. ბუსტერ, მესამე დოზების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა და თქვა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის დამატების შესახებ მსჯელობას იწყებს. როგორც მან მაშინ განგვიმარტა, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო და საქართველოს ვაქცინაციის პროტოკოლში ცვლილებები შესულიყო. მინისტრმა ისიც თქვა, რომ ე.წ. ბუსტერ დოზაზე გადაწყვეტილება, მიღებულია მხოლოდ „გარკვეულ ჯგუფზე“. რაც შეეხება მესამე დოზის მასობრივ გამოყენებას, ამ საკითხზე მსჯელობა აგვისტოს ბოლოს არ მიმდინარეობდა.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ კი რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ საქართველო, მესამე დოზების გაკეთებას, პირველ რიგში, განიხილავს მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და ხანდაზმული პირებისთვის.

შეგახსენებთ, 17 სექტემბერს, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელიც რჩევებს აძლევს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA), Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება დაამტკიცა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფთათვის, მაგრამ უარყო მესამე დოზის ფართოდ დანერგვის გეგმა.

თუმცა, მიუხედავად მსოფლიოს მკაცრი მარეგულირებლების რეკომენდაციისა და მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებისა, რომ თავი შეიკავონ მოქალაქეების მესამე დოზით აცრისგან, სანამ თითოეული ქვეყნის მცხოვრებთა სულ მცირე 10% მაინც არ იქნება სრულად აცრილი, ქვეყნებმა ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს შეადგინეს მოქალაქეების მესამე დოზით აცრის გრაფიკი, რადგან კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებამ ყველაზე მეტად ვაქცინირებული ქვეყნებიც კი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა - ამ ქვეყნებში კვლავ იმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფიცირების მატების პარალელურად, ვაქცინირებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული მძიმედ მიმდინარე ავადობის რიცხვი და მინიმუმამდეა დაყვანილი გარდაცვალების მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ, ქვეყნების ნაწილმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება მეორე საკითხს, საქართველოში ვაქცინაციის დაშვებას 12 წლიდან მოზარდებისთვის, ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომ ამ საკითხზე მსჯელობას ქვეყანა შემოდგომიდან დაიწყებდა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ კორონავირუსის დელტა შტამმა, სწორედ ეს ასაკობრივი კატეგორია მოიცვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ 12 წლიდან მოზარდების აცრა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მხოლოდ „ფაიზერითაა“ დაშვებული.

23 სექტემბერს, რადიო თავისუფლებამ ე.წ. ბუსტერ დოზებისა და 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაციის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა ჯანდაცვის სამინისტროს. პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრეს-კონფერენციის ფორმატში გააკეთოს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, თუმცა, ზუსტი დრო პრეს-კონფერენციის გამართვისა, ვერ დაგვიკონკრეტეს. პირად კომენტარზე უარი გვითხრეს.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.  

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG