Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ შსს-ს "გავრილოვის ღამის" დაზარალებულისთვის 35 ათასი ლარის გადახდა დააკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 20 ივნისის ღამეს დაშავებული ლუკა პეტრიაშვილისთვის 35 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მისი უფლებადმცველები ავრცელებენ.

იურისტები სასამართლოს სთხოვდნენ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად შსს-სთვის 100 ათასი ლარის გადახდა დაევალებინა.

ლუკა პეტრიაშვილი აქციაზე მეგობართან ერთად ღამით, 23:30-საათზე ნახევარზე მივიდა. რუსთაველზე იყო მისი დაც, რომელმაც აქცია მაშინ დატოვა, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ძმას ურეკავდა, მაგრამ ლუკა ტელეფონს არ პასუხობდა. ლუკას რეზინის პირველი ტყვია მუცელში მოხვდა, მას მალევე მოხვდება კიდევ ორი ტყვია - ერთი ისევ მუცელში და ერთიც სახეში. გონება არ დაუკარგავს, ახსოვს, რომ სასწრაფომდე მეგობარმა მიიყვანა.

2019 წლის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა. მათ შორის რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, დაკარგა თვალი და მხედველობა.

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG