Accessibility links

site logo site logo

კატალონიელი სეპარატისტების ლიდერი იტალიაში დააკავეს


იტალიელმა სამართალდამცავებმა კუნძულ სარდინიაზე დააკავეს ესპანეთის კატალონიის მხარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი. მისი ადვოკატის ინფორმაციით, პუჩდემონი დაკავებულია ესპანეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე.

მედიით გავრცელებული ცნობებით, კარლეს პუჩდემონი სარდინიაში ჩავიდა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის. დღეს პუჩდმეონი წარსდგება ადგილობრივი სასამართლოს წინაშე, რომელიც მისი გათავისუფლების, ან ესპანეთში ექსტრადიციის საკითხს გადაწყვეტს.

2017 წლის ოქტომბერში, კატალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ კარლეს პუჩდემონის მეთაურობით, რეფერენდუმი ჩაატარა ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე და შედეგებზე დაყრდნობით, კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ესპანეთის მთავრობამ უკანონო რეფერენდუმის გამო, პუჩდემონი და კიდევ 10-ზე მეტი პირი ამბოხებისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა.

ესპანეთის პროკურატურამ კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი რეფერენდუმის ჩატარებიდან დაახლოებით ერთ თვეში გასცა, თუმცა, სეპარატისტების ლიდერი ესპანეთში უკვე აღარ იმყოფებოდა. კარლეს პუჩდმეონი ბრიუსელში გაიქცა.

ესპანეთის მიერ ძებნილი პუჩდემონი 2019 წელს აირჩიეს ევროპარლამენტის დეპუტატად. მადრიდის მოთხოვნის საფუძველზე, 2021 წლის მარტში, ევროპარლამენტმა პუჩდემონს იმუნიტეტი მოუხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG