Accessibility links

site logo site logo

კახა ქემოკლიძე: „სისხლიან ბანერებს“ ეროვნული უსაფრთხოების განზომილებაში განვიხილავ


კახა ქემოკლიძე, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი

პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის სამგორის მაჟორიტარმა კანდიდატმა თბილისის საკრებულოში კახა ქემოკლიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნა, რომ „სისხლიანი ბანერები“ მიზანმიმართულად აღვივებს შუღლს საზოგადოებაში და, შესაბამისად, მათი გამოფენა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ წარმოადგენს პრობლემას. „ამ ბანერებს მე ვუყურებ ეროვნული უსაფრთხოების განზომილებაშიც“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ „დილის საუბრებში“.

„ეს ბანერები საზოგადოებას კიდევ უფრო ფრაგმენტირებს და არა პირიქით. ეს კი, დღეის მოცემულობით, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფუნდამენტური უსაფრთხოების გამოწვევაა ეროვნულ დონეზე. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვცდილობდეთ რაღაც ზეპარტიული საკითხებზე კონსოლიდირებას საზოგადოების, ამის ნაცვლად, ფაქტობრივად, ხელისუფლების პირდაპირი მონაწილეობით ხდება ამ ბანერების განთავსება და უკვე მეორეჯერ იგივე შეცდომის დაშვება, რაც თავის დროზე დაუშვეს, თუ სწორად მახსოვს, 2018 წელს. ის, რომ პოლარიზება არის სერიოზული ღრმა პრობლემა ქართულ საზოგადოებაში, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ჩემი აზრით, ესეც უკვე შემდგარი ფაქტია და ამას აქვს ძალიან მკაფიო კონტურები უკვე ეროვნული უსაფრთხოების დონეზე“, - აღნიშნა კახა ქემოკლიძემ „დილის საუბრებში“.

გადაცემაში კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ მისი ამგვარი დამოკიდებულება „სისხლიანი ბანერების“ მიმართ იგივე იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, მათზე პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რომ არც ყოფილიყო გამოსახული:

„იმ ბილბორდებზე ბატონი გახარია რომ არ გამოჩენილიყო, აბსოლუტურად ერთი ერთში იგივეს გავიმეორებდი. მაშინაც იგივეს ვიმეორებდი გუნდის შიგნით. ბილბორდები საზოგადოების გახლეჩვას და ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფას ემსახურება. იმის ნაცვლად, რომ რაღაც ზეპარტიულ საკითხებზე ახდენდნენ საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირებას, ემსახურება მათ ფრაგმენტირებას და ურთიერთდაპირისპირებას. მსგავსი ტიპის ბილბორდი იქნება, სარეკლამო ბანერი თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ვიდეორგოლი, როგორ შეიძლება ამას მიესალმო. შეუძლებელია და არა აქვს მნიშვნელობა, იქ გახარია იქნება გამოსახული, თუ ბატონი სანიკიძე“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ „დილის საუბრებში“.

თითქმის ერთი კვირაა, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში განთავსდა „სისხლიანი ბანერები“ მოწოდებით: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერებზე სისხლის შხეფების ფონზე გამოსახულები არიან ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, გიგა ბოკერია, ზურაბ გირჩ ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი გახარია, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანერები ბიზნესმენ მიხეილ გაბრიაძის დაკვეთით განთავსდა.

ბანერების ჩამოსახსნელად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესის დარღვევის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და პოლიტიკურმა პარტიამ „დროა“. ამავე მოთხოვნით ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

სარეკლამო კომპანია „ალმა“, რომელსაც თბილისის მერიისგან მინიჭებული ლიცენზიით უფლება აქვს, რომ ბანერები გააკრას ქალაქში, ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათ ბილბორდებზეა გაკრული. „სისხლიანი ბილბორდების“ ნაწილმა ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები ჩაანაცვლა, რამაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG