Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ორსულთა ვაქცინაციის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია


17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 25 224 ორსული და მათგან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სრულად, ანუ, ორჯერადად მხოლოდ 552 ორსულია აცრილი. ვაქცინის ერთი დოზა აქვს მიღებული 1111 ორსულს. პანდემიის პერიოდში, 15 ორსული და მელოგინე გარდაიცვალა. ეს მონაცემები რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.

ორსულებისა და მელოგინეების გარდაცვალების მაჩვენებელმა განსაკუთრებით ბოლო თვეებში, კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების ფონზე იმატა. თუკი სტატისტიკას მოვიშველიებთ, გასულ, 2020 წელს, ქვეყანაში ერთი ორსული გარდაიცვალა, 2021 წელს - 14. მათგან 6 - ბოლო ერთ თვეში.

თუკი კორონავირუსის უჰანური და ბრიტანული შტამები ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად მძიმე გავლენას არ ახდენდა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა ვირუსის ინდურმა, ე.წ. დელტა შტამმა. იმატა როგორც ორსული ინფიცირებულების, ისე ორსულებში მძიმედ მიმდინარე ავადობის მაჩვენებელმა.

ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ დადგა დღის წესრიგში ორსულთა ვაქცინაციის საკითხი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორსულთა ვაქცინაცია მხოლოდ ამერიკული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინითაა რეკომენდებული, მათი ვაქცინაცია ივლისის მიწურულს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინები შემოვიდა.

თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, შეიძლება ითქვას, რომ არ უწარმოებია ეფექტური კამპანია ორსულთა ვაქცინაციის პოპულარიზაციისათვის.

ივლისის მიწურულს, ჯერ კიდევ არ იცოდნენ ორსულებმა და მეძუძურებმა, რომ საქართველოში ორსულების ვაქცინაცია დაშვებული, შესაძლებელი და მეტიც, მტკიცედ რეკომენდებული იყო. არაერთმა ორსულმა ამის შესახებ მაგალითად, მას შემდეგ შეიტყო, რაც რადიო თავისუფლებამ ორსულებისა და მეძუძური დედების ვაქცინაციაზე სტატია მოამზადა.

ანტივაქსერული განწყობები ორსულებში

საქართველოში ორსულთა ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის სამი თვის თავზე, ჯერ კიდევ არსებობს ბევრი კითხვა და ეჭვი თავად ორსულებში ვაქცინაციის სარგებელსა და რისკების შესახებ. სოციალურ ქსელში, სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფში, კვლავ მრავლად მოიპოვება ანტივაქსერული პოსტები, რომლებსაც თუკი მათ კომენტარებს დავეყრდნობით, ხშირად, თავად ორსულები წერენ:

„ჩემმა გინეკოლოგმა არ მომცა აცრის რეკომენდაცია, მე ჩემ შვილს არ ავცრიოდიო, ასე მითხრა“.

„უამრავი ორჯერ ვაქცინირებული ორსული მოკვდა, უბრალოდ, არ ამბობენ, მალავენ“.

„ვიდეოები ვრცელდება, რა მოსდის ნაყოფს, როდესაც ვაქცინა შედის სხეულში, ნახევარ წელიწადში შექმნილი ვაქცინა რატომ უნდა გავიკეთოთ“.

„ვარ ორსულად, იქნებ მიპასუხოთ, რატომ უნდა ავიცრა?“

რატომ უნდა აიცრან ორსულები და მეძუძურები?

მკვლევრები თანხმდებიან, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, ორსულებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ორსულობის მესამე ტრიმესტრში და შესაძლოა, გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან მკვდრადშობადობა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ინფიცირებულ ორსულ ქალებში სხვებთან შედარებით უფრო ხშირია ჰოსპიტალიზაციის და ინტენსიური მოვლის საჭიროება.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), რადიო თავისუფლებას მიაწოდა ყველაზე ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალი, რომელიც ორსულობას, COVID19-სა და ვაქცინაციას ეხება. ბროშურა ამ კითხვებითა და პასუხებით, უახლოეს პერიოდში დაიბეჭდება და როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი გვიხსნის, ის კლინიკებში, ორსულთათვის ხელმისაწვდომ სივრცეებში დარიგდება, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა დეტალური ინფორმაცია მიიღონ, როგორც კოვიდის, ისე ვაქცინაციის შესახებ.

ბროშურაში წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით მომზადდა, ეყრდნობა ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მტკიცებულებებს.

არის თუ არა COVID-19-ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური ორსული ქალებისა და მათი ჩვილებისთვის?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ COVID-19-ის არცერთი ვაქცინა არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ კომპონენტს. ის უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშებისთვის. კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები გადიან ტრანსპლაცენტარულ ბარიერს, რაც ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას COVID-19-ის მიმართ. ორსულობის პერიოდში, COVID-19–ით დაინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის მძიმე მიმდინარეობა და სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში, სწორედ ამიტომ სასურველია ორსულობის პერიოდში ჩაიტაროთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

რა გავლენას ახდენს ორსულობის პერიოდში ჩატარებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალშობილებზე?

ოთხი ქვეყნის ექვსი კვლევის შედეგებმა უჩვენა (რომელშიც 40 000-ზე მეტი ორსული მონაწილეობდა), რომ ვაქცინა არ ზრდის ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის და ასევე, მცირე გესტაციური ასაკის ბავშვის დაბადების ან თანდაყოლილი პათოლოგიების რისკებს.

იწვევს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის შეწყვეტას ან მკვდრადშობადობას?

კვლევებით დგინდება, რომ ორსულობის შეწყვეტის და მკვდრადშობადობის რიცხვი დაბალია იმ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არ ზრდის ორსულებში სპონტანური აბორტის ან მკვდრადშობადობის რისკს. მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული ექვსი კვლევის შედეგების თანახმად, ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ორსულებში სპონტანური აბორტის სიხშირე ერთნაირია.

შეიძლება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ძუძუთი კვების დროს?

მეძუძური ქალებისთვის რეკომენდებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაში არსებული კომპონენტები არ გადაეცემა თქვენს შვილს ძუძუთი კვების დროს, ამიტომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პერიოდში არ შეწყვიტოთ ახალშობილის ძუძუთი კვება.

შეიძლება თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა, თუკი ვგეგმავ ორსულობას?

ქალებში, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, რეკომენდებულია აიცრან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაცია თავიდან აგაცილებთ მოსალოდნელ გართულებებს.

მსურს დავგეგმო ორსულობა. უკვე გავიკეთე ვაქცინის პირველი დოზა, უნდა გადავდო თუ არა ორსულობა მეორე დოზის მიღებამდე?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გიცავთ ინფექციისგან, თუმცა, მხოლოდ ერთი დოზა არ არის საკმარისი სრულყოფილი დაცვისთვის. ორსულებში რეკომენდებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რამდენადაც ის საუკეთესო საშუალებაა ორსულებში და ახალშობილებში COVID-19-ის რისკების, მათ შორის ინტენსიური თერაპიის საჭიროების და ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად. თუ ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, რეკომენდებულია მეორე დოზა გაიკეთოთ ისევე როგორც დაგეგმილი გქონდათ. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე და არ არსებობს მისი გადადების საჭიროება. მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის კურსი დასრულდეს მშობიარობამდე ან მესამე ტრიმესტრამდე, როდესაც COVID-19-ით გამოწვეული სერიოზული გართულებების რისკი ყველაზე მაღალია.

პირად ექიმთან განიხილეთ COVID-19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებელი და მასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები და ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილება.

როგორ მოვიქცე თუ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების შემდეგ დამიდასტურდა ორსულობა?

თუ ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაგიდასტურდათ ორსულობა, გირჩევთ მეორე დოზით ვაქცინაცია ჩაიტაროთ ისევე როგორც დაგეგმილი გქონდათ. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ აუცილებელია დაელოდოთ ორსულობის მეორე ტრიმესტრს.

რა ვადაზე შემიძლია გავიკეთო ვაქცინა ორსულობის დროს?

ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ აუცილებელია დაელოდოთ ორსულობის მეორე ტრიმესტრს. COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა იძლევა კარგ დაცვას, მაგრამ ორი დოზით აცრა უფრო კარგად დაგიცავთ დელტა შტამისგან.

რომელი ვაქცინით ავიცრა თუ ორსულად ვარ?

საქართველოში ორსულთა ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-BioNTech-ით.

ჩამიტარდა ვაქცინაცია AstraZeneca -ს პირველი დოზით. ამჟამად ვარ ორსული მესაჭიროება მეორე დოზა. რა უნდა გავაკეთო?

ქალებს, რომლებმაც AstraZeneca-ს, სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს ორსულობის დადგომამდე, რეკომენდებულია, რომ მეორე დოზა ჩაუტარდეთ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით. გახსოვდეთ, მეორე დოზა უფრო ხანგრძლივად დაგიცავთ COVID-19 ინფექციისაგან.

რა გვერდითი ეფექტები აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს აქვთ მსუბუქი და მცირე ხნიანი გვერდითი ეფექტები, მაგ: ცხელება ან კუნთების ტკივილი, რომელიც ერთი ან ორი დღე შეიძლება გაგრძელდეს. სერიოზულ გვერდით მოვლენები, როგორიც არის ალერგიული რეაქცია ან სისხლის შედედების პრობლემები, გვხვდება ძალიან იშვიათ შემთხვევებში. სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა, როგორიცაა მაგალითად თრომბოზი, წარმოადგენს იშვიათ გვერდით ეფექტებს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ახდენს თუ არა გავლენას ფერტილობაზე?

არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გავლენას ახდენენ შვილოსნობაზე. ასევე არ არსებობს ბიოლოგიურად სარწმუნო მექანიზმი, რისი საშუალებითაც შესაძლოა რომ არსებულმა ვაქცინებმა გავლენა მოახდინონ ქალის შვილოსნობაზე. მტკიცებულებები ასევე ადასტურებს, რომ ვაქცინირებულ ქალებს არ აქვთ შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ქვეყანაში იკლებს ვაქცინაციის მაჩვენებელი

ორსულების ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან ერთად, ზოგადად, საკმაოდ დაბალია ქვეყანაში სრულად აცრილი მოქალაქეების რიცხვიც და ის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 19%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი დღეებია, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იკლებს ყოველდღიური ვაქცინაციის რიცხვი. მაგალითად, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით მხოლოდ 12 778 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, 2021 წლის მიწურულს, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის სრულად ვაქცინირებას გეგმავდა. ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის ფუნქციონერებმა აცრების ყოველდღიური რიცხვიც კი გამოითვალეს და თქვეს, რომ თუკი ქვეყანა მოახერხებდა ყოველ დღე 30 000-მდე მოქალაქის აცრას, დეკემბრისთვის გეგმა შესრულებული იქნებოდა. არადა, თუკი ვაქცინაციის სტატისტიკაში ჩავიხედავთ, დღეში 30 000 აცრა საქართველოში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ზუსტად ერთი თვის წინ, 23 აგვისტოს. ამ დღეს ქვეყანაში აიცრა 30 067 ადამიანი.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში დომინირებული „დელტა“ შტამის ფონზე, პოპულაციური იმუნიტეტისა და პანდემიის სამართავად, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაცია აღარაა საკმარისი. სპეციალისტები უკვე თანხმდებიან, რომ ახალი შტამების გაჩენასთან ერთად, პანდემიის ეფექტიანი მართვისთვის, ზრდასრული მოსახლეობის 80-90% და სრული მოსახლეობის 65-70% მაინც უნდა იყოს აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG