Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინასწარი შედეგებით, მერკელის ბლოკი სოციალ-დემოკრატებთან დამარცხდა


გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ხმების 25.7%-ით ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია(SPD). კანცლერ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულ ბლოკს (CDU/CSU) 24.1% აქვს.

„მწვანეებს“ ხმა მისცა 14.8%-მა, „თავისუფალ დემოკრატებს“ 11.5%-მა და მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 10.3%-მა. 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა „მემარცხენე პარტიამ“. ამომრჩეველთა აქტივობა 76%-ზე მეტი იყო.

26 სექტემბერს ჩატარებული არჩევნებით სრულდება ანგელა მერკელის 16-წლიანი კანცლერობა. მერკელი, რომელიც გერმანიის პირველი ქალი კანცლერია, "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარეობას 2018 წლიდან ჩამოშორდა.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიის მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება, თუმცა, იმის გამო, რომ სოციალ-დემოკრატების და კონსერვატიული ბლოკის შედეგებს შორის მხოლოდ მცირე სხვაობაა, კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები შესაძლოა, გაჭიანურდეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერობის ორივე მთავარმა პრეტენდენტმა, სოციალ-დემოკრატების და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებმა, ოლაფ შოლცმა და არმინ ლაშეტმა განაცხადეს, რომ მზად არიან გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის.

გერმანიის ახალი, მეოცე მოწვევის პარლამენტი რამდენიმე კვირის შემდეგ აირჩევს ახალ ფედერალურ კანცლერს, რომელმაც თავის მხრივ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დააკომპლექტოს.

გერმანიის საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს კოალიციური მთავრობის შექმნას, თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას არასდროს ჰქონია ხმების 31%-ზე ნაკლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG