Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუ ქუთელია: ამ არჩევნებზე, როგორც არასდროს, მარტივია არჩევანი


ბათუ ქუთელია, პარტია "დროას" წევრი, ოპოზიციის ერთი ნაწილის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი თბილისის ვაკის რაიონში
ბათუ ქუთელია, პარტია "დროას" წევრი, ოპოზიციის ერთი ნაწილის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი თბილისის ვაკის რაიონში

ოპოზიციის ერთი ნაწილის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი თბილისის საკრებულოში ვაკის რაიონიდან, პარტია „დროას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბათუ ქუთელია რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ არჩევანი არასდროს ისე მარტივი არ ყოფილა, როგორც დღესაა. მისი შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები გარკვეულწილად გადამწყვეტი არჩევნებია იმის საჩვენებლად, როგორი სახელმწიფო გვინდა:

„არჩევანი გვაქვს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, არჩევანი გვაქვს თავისუფლებასა და რუსეთის მონობას და პროვინციად ყოფნას შორის, არჩევანი გვაქვს გაერთიანებას და დაპირისპირებას შორის და ამ მარტივ არჩევანს აქვს თავისი კონკრეტული ფორმა - ეს არის ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის წასვლა არჩევნებზე“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ „დღის საუბრებში“. მისი თქმით, დღეს არჩევნები არის ერთგვარი ბრძოლის ველი, რომელზეც ამომრჩეველმა უნდა დაამარცხოს რუსული ჰიბრიდული ომის ის კომპონენტი, რომელიც გამოხატულია ნიჰილიზმში, რომ „თითქოს სახელმწიფო არ გამოგვივა, არაფერი შეგვიძლია და განწირულები ვართ, რომ ვიყოთ ღარიბები და ვიღაცის გავლენის ქვეშ“.

„ეს ესე არ არის და ეს რომ ესე არ არის, პირველ რიგში უნდა დავამტკიცოთ სწორედ არჩევნებზე მისვლით და, როგორც ვთქვი, არჩევანი, როგორც არასდროს, ისეთი მარტივი არ ყოფილა, როგორც დღეს არის“, - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ „დღის საუბრებში“. მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვისაც, „რა განაცხადის გაკეთება გვინდა დანარჩენი სამყაროს წინაშე“.

„ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებსაც ჩვენ ეხლა გადავდგამთ, განსაზღვრავს, სამომავლოდ გვექნება თუ არა სახელმწიფო და როგორი სახელმწიფო გვექნება. ამიტომაც ამ არჩევნებსაც ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზუმს თუ გავაკეთებთ და დიდი მასშტაბით დავხედავთ, საქართველო არის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველო უფრო მეტია, ვიდრე საქართველო. და მართლაც ასეა. საქართველოს უფრო მეტი როლი აკისრია, როგორც ერთ დროს დემოკრატიის შუქურას რეგიონში და საქართველოს დემოკრატიზაციის ხარისხი იქნება გადამდები და ეფექტი სხვა რეგიონალურ პროცესებზე, ეკონომიკურზე თუ გეოპოლიტიკურზე. ამიტომაც ეს არჩევნები, რომელსაც რეფერენდუმს ვეძახით, სხვადასხვა სიტყვა შეიძლება ვიხმაროთ, არის გადამწყვეტი არჩევნები იმისა, რა განაცხადის გაკეთება გვინდა დანარჩენი სამყაროს წინაშეც - როგორი სახელმწიფო გვინდა და საით გვინდა წავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ „დღის საუბრებში“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მასში სულ 43 საარჩევნო სუბიექტი იღებს მონაწილეობას. თბილისის საკრებულოში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 14 სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები იბრძოლებენ.

XS
SM
MD
LG