Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია - კალაძე კოალიციურ მთავრობაზე


„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, არც საქართველოს პრეზიდენტისა და არც მისი გადასაწყვეტი არაა, როგორი მთავრობა ეყოლება საქართველოს. ამის თაობაზე მედიასთან საუბარში თქვა კახა კალაძემ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას.

„სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე საკითხის კომენტირებისას უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობის დასრულება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საპარლამენტო არჩევნებზე.

„მონა აღარ არის პრეზიდენტი, თქვენი ტელევიზიები ამ პრეზიდენტს ეძახდნენ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მონას, აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, ჩვენ რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, ეს ერთი. მეორე - ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბარში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ (JDD) ინტერვიუში კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

გამოცემის შეკითხვაზე, ამოწურულია თუ არა საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, იგი ამბობს:

„მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანი „კვირის ჟურნალთან“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG