Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსიფიკაციის საგანგაშო მასშტაბი - რატომ ტოვებს ხალხი ოკუპირებულ ახალგორს


ახალგორი
ახალგორი

სკოლის მასწავლებელმა, რომლის ვინაობას მისი უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, ახალგორი ზაფხულში დატოვა და საცხოვრებლად წეროვანში გადავიდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას მშობლები დარჩა, თუმცა უკან დაბრუნებას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე გზა სრულად არ გაიხსნება.

მასწავლებელი რადიო თავისუფლებას უყვება, რა ხდება ამჟამად მის სკოლაში, სადაც ერთ დროს ქართულად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი:

„ახლა სკოლაში საუბარიც კი იკრძალება ქართულად. არადა იქ დაბაში ყველა ქართულად საუბრობდა, მათ შორის ოსებიც და უცებ გადაწყვიტეს, რომ სწავლა ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადაეყვანათ, მაგრამ ამ ეტაპობრიობას, ის მოჰყვა, რომ მშობლებს ურჩევნიათ ბავშვები დაბიდან წაიყვანონ და სხვაგან მიაღებინონ ნორმალური განათლება. ახალგორში ვეღარც ქართულად სწავლობენ, ვეღარც რუსულად. პედაგოგებსაც ძალიან უჭირთ, რადგან იქ რუსულენოვანი მასწავლებლები ცოტაა. ალბათ სკოლების დიდი ნაწილი დაიხურება, იქ დარჩენილი პედაგოგების ნაწილი წეროვანში გადმოვა და აქ ეცდება სამსახურის მოძებნას, რადგან ვხდავთ, რომ ბავშვები თითქმის აღარ დარჩნენ დაბაში.“ - გვეუბნება მასწავლებელი, რომელმაც ახალგორი და შესაბამისად სკოლაც, ზაფხულში დატოვა.

ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი წყაროს მიერ მოთხრობილ ამბავს ადასტურებს. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მეტი ყურადღება თუ არ დაუთმეს ოკუპაციის პირობებში არსებულ ვითარებას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, 3-4 წელიწადში დაბის სრული რუსიფიკაცია მოხდება.

იგივეს ამბობენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში, რომელივ ახალგორის რუსიფიკაციის საკითხებს დიდი ხანია სწავლობს და ბოლო განცხადებებში საგანგაშო ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„6 სექტემბერს ახალგორის რაიონის სკოლებში, რომლებიც 2017 წლამდე ქართულენოვანი იყო, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. პროცესის ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში, 3 წლის შემდეგ, სკოლები სრულად რუსულენოვანი გახდება".- წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე მითითებულია, რომ: მიმდინარე სასწავლო წელს ახალგორის რაიონს 17 პირველკლასელი ჰყავს, კერძოდ, ახალგორის რუსულ საშუალო სკოლას - 9, ახალგორის საშუალო სკოლას, რომელიც 2017 წლამდე ქართულენოვანი იყო - 3, სოფელ ორჭოსნის სკოლას - 3, თითო-თითო პირველკლასელი სოფელ იკოთის და სოფელ კორინთის სკოლებს. პირველკლასელი არ ჰყავს რაიონის დანარჩენ არც ერთ ოსურ სოფელს, მაგალითად, ზაყორს და ისეთ დიდ სოფელსაც კი, როგორიცაა წინაგარა. ამ უკანასკნელში მსგავსი ვითარება გამოწვეულია მაცხოვრებლების შრომითი მიგრაციით, ძირითადად, ვლადიკავკაზში და დაბა ახალგორში. ამ ეტაპისთვის, არაფერია ცნობილი სოფელ ახმაჯის სკოლაზე, თუმცა დიდი ალბათობით, ის უახლოეს მომავალში დაიხურება, რადგან წელს, სასწავლო წლის დაწყებისას სკოლას არც ერთი მოსწავლე არ მიუღია. DRI-ს ინფორმაციით, სოფელში მცხოვრები ერთადერთი ბავშვი, რომელიც წელს პირველ კლასში მივიდა, მშობლებმა ახმაჯის მაგივრად ახალგორის საშუალო სკოლაში შეიყვანეს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს შესაბამის მექანიზმებს და არ მიმართავს ძალისხმევას იმისთვის, რომ ოკუპირებულ დაბაში ვითარება შეცვალოს. მისი აზრით ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიაქცევინოს ქართული ენის დევნის, და ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დისკრიმინაციის ფაქტებზე. ხოლო, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საპასუხოდ, საქართველოს განათლების სამინისტრომ დაბაში დარჩენილი ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის საკომპენსაციო პროგრამები უნდა შექმნას.

ოკუპირებული ახალგორის სკოლების რუსიფიკაციის პროცესი 2017 წლიდან დაიწყო და ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერდა. მანამდე ახალგორის რაიონის რვა ქართულ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებითა და პროგრამით მიმდინარეობდა.

2017 წელს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული სკოლების სასწავლო პროგრამა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეალობას ვერ ერგებოდა. განსაკუთრებით გამოიკვეთა ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოსაზრებით, გაკვეთილები ტენდენციური იყო და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტერესების სასარგებლოდ.

სასწავლო სახელმძღვანელოების ექსპერტიზის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლება მივიდა „დასკვნამდე“, რომ ისტორიის სახელმძღვანელო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც „სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყო მიმართული. შესაბამისად, სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღეს; სიტუაციაზე კონტროლის მიზნით კი, ქართულ სკოლებში შეიტანეს ის პროგრამა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სხვა დანარჩენ სკოლებში ისწავლებოდა.

ოკუპირებულ და იზოლირებულ ახალგორს მოქალაქეების ნაწილი ტოვებს. მიგრაციას ძირითადად განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიუწვდომლობა განაპირობებს. იქაურები დაბაში პერსპექტივას ვეღარ ხედავენ და ცდილობენ შვილების უფრო უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში გადაყვანას, სადაც განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG