30 სექტემბერს გერმანიის ქალაქ იტცეჰოში იწყება ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი თანამშრომლის სასამართლო პროცესი.
ბრალდებული ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ნაციზმის პერიოდის დანაშაულებებისთვის ასამართლებენ. მის ვინაობას არ ამხელენ, მაგრამ, გერმანიის მედიის თანახმად, საქმე ეხება ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის SS-ის მეთაურის ყოფილ მდივანს, 96 წლის ირმგარდ ფურხნერს. მას ბრალად ედება შტუტჰოფში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 10 ათასზე მეტი ადამიანის დახოცვაში თანამონაწილეობა.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი „სავარაუდოდ ეხმარებოდა და აგულიანებდა ბანაკის ხელმძღვანელობას პატიმართა სისტემატურ მკვლელობაში 1943 წლის ივნისიდან 1945 წლის აპრილამდე პერიოდში, როცა ის ბანაკის ხელმძღვანელის ოფისში მუშაობდა სტენოგრაფისტად და მბეჭდავად.“
ბრალდებულს არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოში ასამართლებენ, ვინაიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ჯერ არ იყო 21 წლის.