Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მდივანი, 96 წლის ქალი, სასამართლომდე მიიმალა


შტუტჰოფის ყოფმილი საკონცენტრაციო ბანაკი
შტუტჰოფის ყოფმილი საკონცენტრაციო ბანაკი

30 სექტემბერს გერმანიის ქალაქ იტცეჰოში უნდა დაწყებულიყო ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი თანამშრომლის სასამართლო პროცესი.

მაგრამ 96 წლის ქალი, რომელსაც ბრალად ედება ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მასობრივ მკვლელობაში დახმარება, სასამართლო სხდომამდე მიიმალა.

სასამართლოზე მისი გამოუცხადებლობის შემდეგ, მოსამართლემ, დომინიკ გროსმა, განაცხადა, რომ გასცემს ბრალდებულის დაპატიმრების ორდერს.

სასამართლოს პრესმდივანმა, ფრედერიკ მილჰოფერმა განაცხადა, რომ ბრალდებული მოხუცებულთა სახლიდან გაემგზავრა ტაქსით დილით ადრე და სასამართლოზე არ მივიდა.

ბრალდებული ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელსაც ნაციზმის პერიოდის დანაშაულებებისთვის ასამართლებენ. მას ბრალად ედება შტუტჰოფში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 10 ათასზე მეტი ადამიანის დახოცვაში თანამონაწილეობა.

მის ვინაობას არ ამხელენ, მაგრამ, გერმანიის მედიის თანახმად, საქმე ეხება ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის SS-ის მეთაურის მდივანს, ირმგარდ ფურხნერს.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი „სავარაუდოდ ეხმარებოდა და აგულიანებდა ბანაკის ხელმძღვანელობას პატიმართა სისტემატურ მკვლელობაში 1943 წლის ივნისიდან 1945 წლის აპრილამდე პერიოდში, როცა ის ბანაკის ხელმძღვანელის ოფისში მუშაობდა სტენოგრაფისტად და მბეჭდავად.“

ბრალდებულს არასრულწლოვანთა საქმეების სასამართლოში ასამართლებენ, ვინაიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ჯერ არ იყო 21 წლის.

XS
SM
MD
LG