Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოს მხარდაჭერა და სალომე ზურაბიშვილის მეორე ტური - საპრეზიდენტო არჩევნები "საიდუმლო დოკუმენტებში"


2019 წლის 9 აპრილი
2019 წლის 9 აპრილი

სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სუს-ი ყურადღებით სწავლობდა სასულიერო პირების პოლიტიკურ განწყობებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვისაც მიმართავდა ამომრჩევლის მობილიზების თხოვნით.

„საიდუმლო ფაილებში” იძებნება არაერთი დოკუმენტი, რომელშიც განიხილება პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობის კავშირი საპატრიარქოსა და სასულიერო პირების განწყობასთან.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეკლესია ხელისუფლებით უკმაყოფილო იყო. სასულიერო პირების უკმაყოფილების მიზეზი რამდენიმეა:

  • ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის გაუქმებასაც საპატრიარქოსთან დაახლოებული კონსერვატორი, ულტრამემარჯვენე ძალები ითხოვენ;
  • კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს მარიხუანის ექსპორტზე გატანის მოტივით მოყვანის საკითხები;
  • სასულიერო პირების ნაწილმა იცის, რომ ხელისუფლება უსმენს, უთვალთვალებს და კომპრომატებს აგროვებს მათ წინააღმდეგ.
  • საზოგადოების ნაწილი: მედია, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ეკლესიას ღიად უპირისპირდებიან, „ბღალავენ მის რეპუტაციას“ და ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათ „დასასჯელად“.
  • სასულიერო პირების ნაწილს არ მოსწონს კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილი - აქვთ ეჭვი, რომ ის საფრანგეთში ყოფნისას „რუსეთის აგენტი” იყო მეუღლესთან, ჯანრი კაშიასთან ერთად. ეჭვქვეშ აყენებენ მის მორალურ პრინციპებსაც.

„რა გააკეთა "ოცნებამ" ამ წლების განმავლობაში, ახლა კიდე პლანის ბარიგობა მოინდომეს, ეკლესიას თითის ქნევა დაუწყეს, კომპრომატებს შევაგროვებთო ესე ამბობენ მღვდელმთავრებზე, კომპრომატები შეუგროვონ დედამისებს და მამამისებს და გაიკეთონ უკან, რასაც ესენი ეკლესიას უშავებენ, მიშას არ დაუშავებია მაგდენი”, - ამ ფრაზის ავტორი, დაუდასტურებელი წარმომავლობის დოკუმენტების მიხედვით, გარდაბან-მარტყოფის ეპისკოპოსი იოანე შომახიაა. მისი განწყობები ხელისუფლების მიმართ მოხვდა ფაილში სახელწოდებით „არჩევნების შეფასება“, რომელიც 2018 წლის მიწურულს არის შედგენილი.

„ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპატრიარქოში ხვდება პატრიარქ ილია მეორეს. ამ შეხვედრის თემები ირიბად ასახულია სავარაუდოდ სუს-იდან გაჟონილ ჩანაწერებში, რომელშიც მოხვდა სალომე ზურაბიშვილის 18 სექტემბრის სმს-ის გზავნილი. პრეზიდენტობის კანდიდატი სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ გიორგი ზვიადაძეს [რომელიც პატრიარქთან ზურაბიშვილის შეხვედრის დროს აზუსტებს], უზიარებს თავის მოსაზრებებს მარიხუანის კულტივაციის შესახებ „ქართული ოცნების” ინიცირებულ კანონპროექტსა და მის მიმართ სასულიერო პირების ნეგატიურ განწყობებზე. გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გიორგი ზვიადაძეს წერს: „მარიხუანას კულტივაცია ის საკითხია, რომელზეც საპატრიარქოს უნდა მოვუსმინოთ”.

„საპატრიარქო არის საზოგადოების ნაწილი და წინამძღვარი, ამიტომ, ამ კუთხით მისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. ყველა კანონის საჯარო განხილვა არის საჭირო, მითუმეტეს, თუ ეს ეხება საზოგადოებას. ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, თუმცა დეკრიმინალიზაციის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია. მგონია, რომ აუცილებელი იყო ახალი კანონი, ის რაც წინა რეჟიმის დროს ხდებოდა, არ არის ცივილიზებული ფორმა, როცა ციხეში სვამ და ამით ებრძვი ამ დაავადებას, საინფორმაციო კამპანია არ იყო იმ დონის, რაც უნდა ყოფილიყო...

მოვიარე რეგიონები და მოვისმინე დედების მღელვარება ამ საკითხზე. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მე ვიქნები ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში. უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს. თუ ჩათვლით საჭიროდ პატრიარქს წააკითხეთ”, - ესაა პრეზიდენტობის კანდიდატის დეკანოზისთვის გაგზავნილი ვრცელი შეტყობინების არასრული ტექსტი. თუკი ამ ტექსტური გაგზავნის თარიღი ზუსტად არის მითითებული, გამოდის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატი ცდილობს, პატრიარქს მიაწვდინოს ხმა და უთხრას, რომ მისთვის ცნობილია სასულიერო პირების მღელვარების მიზეზების შესახებ.

ამ დროისთვის ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უკვე ნათქვამი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ იმ კანონპროექტის თაობაზე, რომელიც მარიხუანის კულტივაციას ეხება, „ნაჩქარევ“ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გამართავს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, 2 ნოემბერს, საპატრიარქოში უკვე ოფიციალურად ხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ილია მეორეს. ამ შეხვედრის შემდეგ კანონპროექტი მისმა ინიციატორმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტიდან გაიწვია.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა - ამ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მთავარი მეტოქე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც ფრაგმენტულად ასევე იხსენიება „საიდუმლო ფაილებში“. გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას სასულიერო პირების ნაწილი განიხილავდა როგორც შესაძლებლობას, დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ეს პერსპექტივა ეკლესიაში თითქმის არავის ხიბლავდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიქრობდა, რომ ხელისუფლება „არჩევნებს გააყალბებდა” სასურველი შედეგის მისაღებად.

2018 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის, ასახავს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიასა და სალომე ზურაბიშვილის შტაბის წევრის, ირმა სანაძის საუბარს. ისინი პირველი ტურის წარუმატებლობის მიზეზებს განიხილავენ.

„ლ. ჟვანიას თქმით, ს. ზურაბიშვილი მისგან (სავარაუდოდ გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს) ელოდება ზარს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება გუნდის წევრების შეკრება. ი. სანაძემ ლ. ჟვანიას განუცხადა, რომ არჩევნების ამგვარი შედეგები გამოიწვია “მდინარაძეების” 40 კაციანმა ჯგუფმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ს. ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა პირველივე ტურში.

ლ. ჟვანიამ ი. სანაძეს განუმარტა, რომ გამოყოფილი ფინანსები იძლეოდა საშუალებას, დაექირავებინათ პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც აქტიურად იმუშავებდნენ აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ვიღაცეები ცდილობდნენ (არ ასახელებს) ბიძინა ივანიშვილისგან მოტყუებით მიეღოთ ფინანსური სარგებელი, რაც ასევე გაიზიარა ი. სანაძემ და დასძინა, რომ მისთვის უცნობია, თუ სად დაიხარჯა გამოყოფილი თანხები.

ლ. ჟვანიამ ი. სანაძეს განუცხადა, რომ საჭიროა დროული მობილიზაცია, რათა მოხდეს შეცდომების ანალიზი და მათი გამოსწორება. საუბრის ბოლოს ი. სანაძემ ლ. ჟვანიას განუცხადა, რომ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა იყო მხოლოდ 38%, რადგან ხალხს მობეზრებული აქვს “ამათი” ყურება”.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურს იგებს და პრეზიდენტი ხდება, ლაშა ჟვანია ტოვებს პატრიარქის ფონდს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხდება.

„პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ.

მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ჩამოყალიბდა და გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მკვეთრად ნეგატიური და აგრესიულია აღნიშნული ჯგუფების ნაწილის წინასაარჩევნო გზავნილები”, - ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის, საია-ს, ISFED-ისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მოსაზრებაა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ.

არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის, 5 ნოემბერს საგანგებო განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა - მან საზოგადოებას უთხრა, რომ ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას. ამ დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას არწმუნებდა, რომ არჩევნებზე მათი მოწინააღმდეგე არა პოლიტიკური პარტია, არამედ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები იყვნენ.

28 ოქტომბერი, 2018 წელი; სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი
28 ოქტომბერი, 2018 წელი; სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი

„2018 წლის 9 ნოემბერს ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას სოფელ როკითის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა მიქაელ გიორგობიანმა აცნობა, რომ ბაღდათში ძალზედ დაძაბული ვითარებაა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამღვდელოებას მოიაზრებენ პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებად და ამის გამო ნაწყენები არიან. ბაღდათის მერი [ არჩილ გოგსაძე - რ.თ.], რომელსაც მამა მიქაელი რამდენიმე დღის წინ შეხვდა, თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამარცხება სწორედ სასულიერო პირების უარყოფითმა განწყობებმა გამოიწვია და იმ გარემოებამ, რომ მათ არ მოუწოდეს მრევლს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ”, - ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩანაწერი იმ რამდენიმე ათეული ათასი ფაილიდან, რომელიც 2021 წლის 12 სექტემბერს აიტვირთა საჯაროდ მისაწვდომ ვებგვერდზე.

რადიო თავისუფლება ამ კონკრეტულ ფაილში ხსენებულ სამივე პირს დაუკავშირდა იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს აქ აღწერილი ამბავი.

მამა მიქაელი ამბობს, რომ კარგად იცნობს ბაღდათის მერს, არჩილ გოგსაძეს, თუმცა მისგან არჩევნებში დახმარების თხოვნა არ ახსენდება: „ეგ ისეთი რამეა, ვინმე რამეს რომ გაიძულებს და გავალებს, მემახსოვრებოდა. ისიც არ ვიცოდი, მანდ [ფაილებში] თუ ვიყავი”.

არჩევნებზე მხარდაჭერის მოთხოვნას არც არჩილ გოგსაძე ადასტურებს და ამბობს, რომ ასეთი რამ „გამორიცხულია”. ის ბაღდათის მერი 2017 წლიდანაა.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ეპისკოპოს ანტონსაც: „ზოგადად განაწყენებული რომ იყვნენ ჩემზე, ეგ ეტყობოდათ, მაგრამ სხვა ნამდვილად არაფერი მახსენდება. არც მგონია, რომ მაგი [არჩევნებზე მხარდაჭერის თხოვნა] გამიბედონ, თქმით არავის უთქვამს. არ მგონია, ნამდვილად არ მგონია. დამალული და დასამალი არაფერი მაქვს. ეგია ჩემი მრწამსი და ჩემი შეგნება”, - გვითხრა ეპისკოპოსმა, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მასსა და მიქაელ გიორგობიანს შორის სატელეფონო საუბარი ვერ გაიხსენა.

მთავრობის წევრებს რომ მის ერთგულებაში ეჭვი შეჰქონდათ, ეს საიდუმლო ფაილებში მართლაც ჩანს. აქ ვანის ეპისკოპოსზე სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელი 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წერდა:

„ანტონ ბულუხია აღნიშნავს, რომ მოსახლეობაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იგი არის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. ხსენებულიდან გამომდინარე მიტროპოლიტს სურს ხმამაღლა განაცხადოს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს”.

ეპისკოპოსი ანტონი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ფაილების გასაჯაროება, სადაც, მისივე შეფასებით, ნამდვილ ფაქტებთან ერთად ყურმოკრული და გადაუმოწმებელი ამბებიც არის, ეკლესიას მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს. მოსმენების ტოტალური ბუნებით უკმაყოფილო, იყენებს ფრაზას „ასინეთას სახელმწიფო“.

„მეორე ტურის წინ, წინასაარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და ჩატარდა რამდენიმე ანტიოპოზიციური და ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რამაც ორივე მხარეს შორის დაძაბულობა გაზარდა. ნეგატიური, უხეში და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ მნიშვნელოვნად დაჩრდილა წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით მისი მეორე ტურის წინა პერიოდი. ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია”, - ვკითხულობთ ეუთო/ოდირის მიერ ამ არჩევნების შემდეგ დაწერილ შეფასებაში. სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო ფაილებში კი ჩანს, როგორ იგეგმებოდა და იმართებოდა ანტიოპოზიციური კამპანიები.

„ბატონო ბიძინა, გუშინ ქართული ოცნების და სალომეს რამდენიმე შტაბთან ჩამოვიარე, საქმე არაფერი მქონდა, რადგან გოგამ ოფისის საკითხი ვერ მომიგვარა. სალომეს შტაბში არავინ იყო, სხვა შტაბებშიც ანალოგიური მდგომარეობაა. ასე შორს ვერ წავალთ, ამ შტაბებს საერთოდ აქვთ სამოქმედო გეგმა? მე ძალიან ვნერვიულობ, რომ ვერ შემაქვს საერთო საქმეში წვლილი ოფისის გამო. ამ წერილს რომ კითხულობთ ალბათ ფიქრობთ, ამას ვინ ეკითხება ჩემს ოფისებს რომ ამოწმებსო, მაგრამ მე დასაკარგი ღირსების მეტი არაფერი მაქვს. იმათ მობრუნებას სიკვდილი მირჩევნია”, - ეს სმს, „საიდუმლო ფაილების” მიხედვით, საპატრიარქოსთან დაახლოებულმა ნანა კაკაბაძემ, რომელიც თავს უფლებადამცველად მიიჩნევს, პირველი ტურის შემდეგ მალევე, 2 ნოემბერს მისწერა ბიძინა ივანიშვილს.

ნანა კაკაბაძე რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის დახმარებით ცდილობდა დაერწმუნებინა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რომ მას შეეძლო მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია სალომე ზურაბიშვილისთვის საჭირო ხმების მობილიზაციისთვის იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო შტაბების ოფისებისთვის საჭირო ქირის ფულს გამოუყოფდნენ. ნანა კაკაბაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ფაილების და მათ შორის არც სმს-ის შინაარსის განხილვას არ აპირებს - ის სახელმწიფო ინსპექტორს სთხოვს შეისწავლოს, როგორ გავრცელდა მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. კაკაბაძე გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ პირველ და მეორე ტურს შორის მართლაც იყო ჩართული კამპანიაში, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ გოგა ხაინდრავასთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვს 2018 წლის შემდეგ.

გოგა ხაინდრავა: რატომ სალომე?
please wait

No media source currently available

0:00 0:01:44 0:00

გოგა ხაინდრავა „ჭორებზე კომენტარის გაკეთებაზე” უარს გვეუბნება, გია ჟორჟოლიანი კი იხსენებს, რომ ამ დროს მათ [ჟორჟოლიანს, ხაინდრავასა და კაკაბაძეს] მართლაც საერთო ინტერესი ამოძრავებდათ - სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, და ამგვარი საუბრებიც, ხმების მობილიზების თუ გამარჯვების სტრატეგიების დასასახად წინასაარჩევნო პერიოდში სრულიად ნორმალური რამაა.

„საიდუმლო დოკუმენტების” მიხედვით, გია ჟორჟოლიანი 2018 წლის პირველსა და მეორე ტურს შორის წუხდა, რომ „პარტიის დეპუტატებიც ვერ აანალიზებენ შექმნილ მდგომარეობას და კერძო საუბრებში აღიზიანებენ ამომრჩეველს”. ნანა კაკაბაძესთან საუბარში ის ამბობდა, რომ „ოცნებაში ბარდაგია” და თუ მმართველ პარტიას სურს გამარჯვება, “თალაკვაძისნაირები” ცოტა ხნით უნდა მოარიდონ მასმედიასთან ურთიერთობას”.

ნანა კაკაბაძე 2018 წელს პლატფორმასთან „არა ნაციზმს“ ერთად უზრუნველყოფდა თბილისიდან რეგიონებში იმ მოქალაქეების უფასო გადაადგილებას, ვინც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აძლევდა ხმას მეორე ტურში.

სავარაუდოდ სუს-ში შექმნილი ჩანაწერების თანახმად, პირველიდან მეორე ტურამდე ხელისუფლებასთან „გარიგების” ან „დაახლოების” შანსი დაინახეს სხვებმაც. მაგალითად:

  • „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” იდეოლოგი, სასულიერო პირი დეკანოზი ბასილ ანთაძე და აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილი მზად იყვნენ, მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება „ანტიდისკრიმინაციულ კანონს” გააუქმებდა.
  • საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე, რომელიც 2018 წლის არჩევნებში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, „საიდუმლო დოკუმენტების” მიხედვით, პირად საუბრებში ამბობდა, რომ მზად იყო სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, თუკი „ქართული ოცნება” მის პოლიტიკურ მომავალზე იზრუნებდა. ანდრიაძე განიხილავდა შესაძლებლობას მისი 14 000 მხარდამჭერის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მობილიზებისთვის.

2018 წლიდან ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ტყის კოდექსი, რომელიც ეკლესია-მონასტრების სიახლოვეს არსებული ტყეების ეკლესიისთვის გადაცემას ამარტივებს, დაიწყო გამოძიება „კარტოგრაფების წინააღმდეგ”, რომლის მთავარი მოწმე დავითგარეჯის ლავრის მღვდელმსახური, ბერი კირიონია და თავისუფალი მოქმედების უფლება მიანიჭა ძალადობრივი აქციების ორგანიზატორ სასულიერო პირებსა და ულტრაკონსერვატორ ჯგუფებს, რომლებიც კონსტიტუციით დაცული უფლებების წინააღმდეგ ილაშქრებენ და ლიბერალურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგებიან.

„იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით“, - ნათქვამია ილია მეორის 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ეს განცხადება „საიდუმლო ფაილების“ გაჟონვიდან ორი კვირის შემდეგ და თვითმმმართველობის არჩევნებამდე 3 დღით ადრე გავრცელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG