ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ შესრულებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გამარჯვებას ზეიმობს და სრულად გამორიცხავს მეორე ტურის საჭიროებას, მიუხედავად იმისა, რომ "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული კვლევის მიუხედავად თბილისში კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის მეორე ტური უნდა გაიმართოს.
"ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ.
დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს სამი წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს დღევანდელი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიზრუნო და ვიშრომო თბილისის განვითარებისთვის, თბილისელების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრისთვის, მეტი სიცოცხლის შესატანად თბილისის თითოეულ უბანში" - ასე მიმართა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს.
კახა კალაძეს ეგზითპოლების მიხედვით მიღებული ხმები მერყეობს 40-დან 51 პროცენტამდე.
დაწერეთ კომენტარი