Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ეს არჩევნები მტკიცებულებაა, რომ მოქალაქეებს სურთ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს, როგორც მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან არჩევნებს. მისი თქმით, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამისთვის მადლობას უხდის ამომრჩეველს.

"ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა", - თქვა მან და მისთვის მნიშვნელოვანი სამი პუნქტი გამოჰყო.

  1. "საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს - მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით";
  2. "საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი";
  3. "როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი, ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მით უმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით, თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები".

საქართველოს პრეზიდენტს 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ღიად არ გამოუხატავს, ვის დაუჭირა მხარი, თუმცა თქვა, რომ "დეპოლარიზაციას" მომხრეა.

"ეს არის ის არჩევნები, სადაც შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ რეგიონში ისინი, ვინც ადგილობრივ პრობლემებს გადაუჭრიან. ასევე, ეს არის არჩევნები, სადაც ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზება და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზება და მე ამას მივეცი ხმა - დეპოლარიზაციას", - თქვა ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG