Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფლება მიშას!" - სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია იმართება


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია იმართება. რამდენიმე ათეული მანქანის კოლონა თბილისიდან პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით დაიძრა.

იქ ჩასულ მხარდამჭერებს სააკაშვილმა წერილით მიმართა. წერილი მოქალაქეებს მისმა ადვოკატმა გააცნო:

"ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით".

რუსთავის ციხესთან ისმის სიმღერა, ადგილზე ჩასულები არიან პარტიის ლიდერები და მედიას კომენტარს აძლევენ.

"მადლობა, ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს. ვაწვებით გამარჯვებამდე!" - წაიკითხა სააკაშვილის წერილი ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გამოსულმა მისმა თანაგუნდელმა, ხატია დეკანოიძემ.

იმის გამო, რომ ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, რადიო თავისუფლება ადგილიდან პირდაპირ ეთერს ვერ გთავაზობთ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, რა გზით დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG