Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოკატასტროფაში დაიღუპა წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურის ავტორი - შვედი მხატვარი


შვედი მხატვარი ლარს ვილკსი

შვედი მხატვარი, ლარს ვილკსი, რომელმაც თქვა, რომ "მსოფლიომ" შექმნა დაპირისპირება მის მიერ 2007 წელს დახატული კარიკატურის გარშემო, სადაც წინასწარმეტყველი მოჰამედის თავი ძაღლის სხეულზე დაახატა, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

ვილკსი და მისი ორი მცველი პოლიციელი დაიხოცნენ 3 ოქტომბერს, როცა პოლიციის მანქანა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, მომავალი სატვირთო მანქანის მიმართულებით გადავიდა გზაზე სამხრეთ შვედეთში.

75 წლის ვილკსი პოლიციის დაცვის ქვეშ ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც სიკვდილის მუქარებს იღებდა მოჰამედის მისეული კარიკატურის გამო, რომელიც შვედურ გაზეთში დაიბეჭდა გამოხატვის თავისუფლების დაცვისადმი მიძღვნილ სარედაქციო სტატიასთან ერთად.

მხატვარმა რადიო თავისუფლებისთვის 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის, ფაქტობრივად, "შინაპატიმრობაში" იმყოფებოდა მისივე უსაფრთხოების გამო.

"გარკვეულად, ეს ყველაფერი დანარჩენმა სამყარომ შექმნა და არა ჩემმა მწველმა ინტერესმა [ისლამის მიმართ]", - თქვა მან. "მე ამ საკითხში [სიტყვის თავისუფლება რელიგიის წინააღმდეგ] ჩავერთე და გარკვეული გაგებით, აქ აღმოვჩნდი".

ვილკსს შვედეთის ფარგლებს გარეთ ნაკლებად იცნობდა ვინმე, სანამ მოჰამედის კარიკატურა არ დაიბეჭდა.

ძაღლს კონსერვატულად მოაზროვნე მუსლიმები არაწმინდა არსებად მიიჩნევენ, ხოლო ისლამური კანონი ზოგადად ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველის გამოსახვას.

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, ალ-ყაიდამ, ვილკსის თავისთვის ჯილდო დააწესა, რის შემდეგაც ადგილი ჰქონდა მისი სახლის დაწვის მცდელობას, ხოლო შეერთებულ შტატებში ერთი ქალი დამნაშავედ აღიარეს მისი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით.

ის აგრეთვე იმყოფებოდა სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილ სემინარზე დანიაში, სადაც შეიარაღებულმა პირმა მოკლა დანიელი რეჟისორი და დაჭრა სამი პოლიციელი. სამიზნე, სავარაუდოდ, ვილკსი იყო.

ვილკსი ასევე ცნობილია ხის მოცურავე მორებით შექმნილი სკულპტურით, რომელიც ნებართვის გარეშე შეკრა შვედეთის ბუნებრივ ნაკრძალში, და ასევე, წინასწარმეტყველ მოჰამედის ორი სხვა ნახატით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG