Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნედ პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი

აშშ ინფორმირებულია ბატონი სააკაშვილის დაკავების შესახებ და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. ამის შესახებ სახელმწფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა 4 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

პრაისის პასუხი მოჰყვა შეკითხვას, რა რეაქციას იწვევს მიხეილ სააკაშვილის დაკავება, მის მიერ შიმშილობის გამოცხადება და ის, რომ საქართველოში სააკაშვილს ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG