Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიური "ნამახვანჰესის" ამბავი


"მინდორი" ("The field", 1990, ირლანდია, რეჟისორი ჯიმ შერიდანი)

ეს ნაკლებად ცნობილი ფილმი ჯერ კიდევ მაისის ბოლოს გამახსენდა, როცა "ნამახვანჰესის" მშენებლობის აქციამ რამდენიმე დღით თბილისში გადმოინაცვლა. იმხანად ხანმოკლე საპროტესტო მსვლელობა არაერთმა ჭკვიანმა ადამიანმა შეაფასა, როგორც "ისტორიული მოვლენა", როგორც "ჭეშმარიტი სახალხო მოძრაობა", როგორც "ნეოლიბერალური ეკონომიკის კრიზისი"... მართლაც ფაქტია - "რიონის მცველებმა" ასე თუ ისე მიზანს მიაღწიეს - ნამახვანის ჰესი აღარ აშენდება. თუმცა პრობლემა დარჩა - "სახალხო მოძრაობამ" კორუმპირებულ სისტემას ვერაფერი დააკლო; ადგილობრივი არჩევნების წინ "ქართული ოცნება" არც რიტორიკას ცვლის და არც პოლიტიკას. რაც მთავარია, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ 2 ოქტომბერს ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

კაცმა რომ თქვას, ირლანდიური ფილმი რად გვინდა, ქართული კინოს ისტორიას თავისი მარგალიტი მოეპოვება - მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი" - ფილმი "ბუნების ადამიანზე", მწყემს სოსანაზე, რომელიც სასოწარკვეთილად იბრძვის სამყოფლის შესანარჩუნებლად და მზად არის ამ ბრძოლაში თავის ოჯახზეც კი თქვას უარი. ეგაა, რომ კოკოჩაშვილის სურათში სამყოფლისთვის ბრძოლა იდენტობის შენარჩუნების სურვილს ასახავს ("საბჭოთა კოსმოპოლიტიზმის" საწინააღმდეგოდ), "მინდორში" კი წამყვანია ცხოვრების 2 მოდელის, 2 ეკონომიკური სისტემის შეჯახება, დამახასიათებელი გარდამავალი ეპოქებისთვის. ჯიმ შერიდანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან და მთავარი როლის შემსრულებელმა, დიდმა მსახიობმა რიჩარდ ჰარისმა, ფილმის ბოლომდე დაიცვეს ბალანსი ამ კონტრასტის წარმოჩენაში - მათ არც ძველი დროის ნოსტალგია აქვთ და არც "ინდუსტრიულ პროგრესს" შესცქერიან კრიტიკის და ეჭვის გარეშე.

"მინდორში", შეიძლება ითქვას, "კაპიტალიზმის სახე", ამერიკელი ბიზნესმენი პეტერია (ტომ ბერენჯერი), ირლანდიელი ემიგრანტების შვილი, რომელიც მშობლიურ მხარეს არა მარტო მოგებისთვის, არამედ მისივე გაგებით აყვავებისთვის უბრუნდება. ამერიკაში ისწავლა, ამერიკაში დაეუფლა ბიზნესის საფუძვლებს და ახლა დარწმუნებულია, რომ თავის ჩამორჩენილ მხარეს გამოადგება - გახსნის გზებს და ააშენებს საწარმოებს. მაგრამ სოფელი მას უცხოდ მიიჩნევს, არ ეთანხმება მიწის აუქციონზე გაყიდვის იდეას. მიწისა, რომელიც, სხვათა შორის, არა პეტერის მთავარ მოწინააღმდეგეს, მინდვრების მომვლელ ჰარის (რიჩარდ ჰარისი) ეკუთვნის, არამედ სულ სხვას, ქვრივ ქალს (ფრენსის ტომელტი), კარგა ხანია რომ ელოდებოდა საუკეთესო აუქციონისტს აქაურობის გასაყიდად.

ქალაქელ კაცს უჭირს ბოლომდე გაუგოს გლეხიკაცის დარდებს და ეს დაპირისპირება ბიზნესმენსა და ფერმერს შორის აბსოლუტურად ბუნებრივია. თუკი მოხუც ფერმერს არ შეუძლია დათმოს მწვანე მინდორი, რომელსაც ათეული წლები შეალია, ქალაქელ ამერიკელს არ ესმის, რატომ არ შეიძლება მინდორი ბეტონის კედლებად გადააქციო, გზა გაიყვანო, თუკი ეს გზა სიკეთეს (მოგებას!) მოუტანს ადამიანებს.

ამ კონფლიქტის ფონზე იქმნება ფილმში ატმოსფერო "შიმშილის შიშისა", რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში უამრავ ირლანდიელს ათქმევინა უარი შეერთებულ შტატებში ემიგრაციაზე და მშობლიურ მიწას მიაჯაჭვა. ამ ადამიანებისთვის მიწა "მარჩენალია", ხვალინდელი დღის გარანტიაა, ერთგვარი ღვთაებაა, რომელსაც თან ერთვის ზედსართავი "მშობლიური"... სწორედ ამას მოჰყვება ხოლმე "არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ!" და ბრძოლა მინდვრისთვის, მიწისთვის. ეს ბრძოლა, შესაძლებელია, დროებით დასრულდეს გლეხიკაცის გამარჯვებით, მაგრამ დროის დინებას მაინც ვერ შეაჩერებს; ისტორია ისევ სასტიკი იქნება იმის მიმართ, ვინც სუსტია, ვინც ეწინააღმდეგება პროგრესს... როგორი არაადამიანურიც უნდა იყოს ეს პროგრესი.

მაყურებელმა შეიძლება იკითხოს, რატომ ვუწოდე რიჩარდ ჰარისის გმირს "სუსტი", როცა მსახიობი თავისი პერსონაჟისგან ფაქტობრივად მონუმენტურ ფიგურას ქმნის (აქ დაეხმარა ჰარისს წლების მანძილზე შექმნილი ეკრანული იმიჯი და ძუნწად, სულ რამდენიმე შტრიხით პერსონაჟის დახასიათების უნარი), როცა სოფლის თავკაცია, ფაქტობრივად აქაური "ხევისბერი გოჩაა", კაცი, რომელიც სოფლის საზრუნავით ცხოვრობს და აქაური გლეხების ბედ-იღბალი აბარია. სოფლის მცხოვრებლებისთვის ეს მშრომელი კაცი სიბრძნის, სამართლიანობის, სიმტკიცის გამოხატულებაა... და მაინც სუსტია, რადგან მის მეტოქეს არა სოფელი, არა "ხალხური სამართალი", არამედ კანონი იცავს, ზურგს უმაგრებს სახელმწიფო და, რაც მთავარია, ცვლილების სურვილი, ის, რაც შესაძლებელია არ ჰქონდეს პატრიარქს, მოუქნელ გლეხს, რომელიც სრულიად დარწმუნებულია თავის სიმართლეში, მაგრამ ჰქონდეთ მის შვილებს, მომავალ თაობას. ახალგაზრდებს ნაკლებად ეშინიათ უცხოელის. მათ სიახლის მიღების, მათ შორის, კრიტიკული მიღების უნარი აქვთ.

"მინდორში" სევდას, რომელიც იბადება მაშინ, როცა ცხოვრების ძველი და ახალი მოდელების კონტრასტს ვაცნობიერებთ ხოლმე, აძლიერებს მამების და შვილების ურთიერთობის თემა; მამებს, რომლებსაც მიწა მემკვიდრეობით ერგოთ, რომლებიც უბრალოდ დარწმუნებულები არიან, რომ შვილებმა ზუსტად ისე უნდა იცხოვრონ, როგორც თავად ცხოვრობდნენ ("იმეორებდნენ" მშობლების ცხოვრებას), ასევე ჰგონიათ, რომ მწვანე მინდორს მომავალი თაობები დაიცავენ. მაგრამ ასე მაინც არ ხდება - შვილები გარბიან ქალაქში (აქ - ამერიკაში) და მიწას მსხვილ კორპორაციებს უთმობენ. მამები შეიძლება გაბრაზდნენ ქალაქსა და ქალაქელებზე, რომლებმაც მათი ტკივილი ვერ გაითავისეს - ეწყინოთ, გული დაწყდეთ. არაა გამორიცხული, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც გვერდს დაუმშვენებენ ბრძოლაში... მაგრამ ეს პროტესტი "სახალხო მოძრაობად" მაინც ვერ გადაიქცევა. მით უმეტეს, თუკი ქვეყანაში გულგრილობა და აპათია სჭარბობს ხვალინდელი დღის იმედს.

"მინდორი" მხოლოდ ნამახვანის ჰესის ამბებს არ გაგახსენებთ. ირლანდიური ფილმი სხვა ასოციაციებსაც აღძრავს. თუმცა ჩემი რჩევაა, მეტისმეტად ნუ გაგიტაცებთ ეს ანალოგიები. ბოლოს და ბოლოს, ამბავი, რომელსაც ჰყვება ჯიმ შერიდანი, გასული საუკუნის 20-იანი წლების ირლანდიაში ხდება. დღეს კი 2021 წლის შემოდგომაა. მერე რა, რომ ჩვენ "ქართული ოცნების" საქართველოში ვცხოვრობთ და არა ირლანდიაში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG