Accessibility links

site logo site logo

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ რუსეთს ნავალნის მოწამვლაზე დაუსვა შეკითხვები


დიდმა ბრიტანეთმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის კიდევ 44-მა წევრმა სახელმწიფომ სამშაბათს რუსეთს ოფიციალური შეკითხვებით მიმართეს შარშან აგვისტოში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წესების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებას პასუხებისთვის 10 დღე აქვს.

შეკითხვები გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებსაიტზე.

  • რუსეთის ხელისუფლებას სთხოვენ, დეტალურად აღწეროს, რა ნაბიჯები გადადგა 2020 წლის 20 აგვისტოს მის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთს ნაკისრი აქვს ვალდებულებები, მათ შორის, დასაჯოს პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევასთან.
  • რუსეთს სთხოვენ, დაასახელოს ამ ნაბიჯების შედეგები, ასევე ახსნას დასკვნები, რომლებიც ადრე გააკეთეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა (მათ შორის ის, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს).
  • რუსეთმა ასევე უნდა დაასახელოს თავისი შემდგომი ნაბიჯები ინციდენტთან დაკავშირებით.
  • დაბოლოს, უკანასკნელი შეკითხვა შეეხება რუსეთის თანამშრომლობას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, მათ შორის საქმე ეხება რუსეთში ორგანიზაციის ექსპერტების ვიზიტს რუსეთში, რასაც, როგორც აცხადებენ, მოსკოვი ხელს უშლის.

თუკი რუსეთის პასუხები არ დააკმაყოფილებს შეკითხვების ავტორებს, რომელთა შორის არიან აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები, ისინი, დიდი ალბათობით, დაიცავენ გათვალისწინებულ პროცედურებს რუსეთის ხელისუფლებისგან ინფორმაციის მისაღებად. მათ შორის, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის სპეციალურ სხდომას გამართავენ ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით.

რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც უარყოფს ნავალნის მოწამვლას (ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიაზე), ჯერ არ ჰქონია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მოთხოვნაზე რეაქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG