Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტართა ჯგუფი ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს იღებს


ევროპარლამენტართა ჯგუფი აღიარებს, რომ საქართველომ, ევროკავშირის საკვანძო პარტნიორმა, ადგილობრივი არჩევნების კონკურენტული და კარგად ორგანიზებული პირველი ტური ჩაატარა, პოლიტიკური ვითარების მკვეთრი პოლარიზებისა და რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად. თუმცა, წინასაარჩევო გარემომ ვერ უზრუნველყო მეტოქე პარტიებისა და კანდიდატებისთვის თანაბარი პირობები და ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო ადგილობრივიდან ეროვნულ საკითხებზე. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის დეპუტატების, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელის, მარინა კალიურანდის, საქართველოს საკითხებზე მომხსენებლის, სვენ მიკსერის და საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხებში ევროპარლამენტის წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაში.

ევოპარლამენტარები სათანადოდ იღებენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ მონაცემებს, რომელთა თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მიიღეს ხმების 46%-ზე მეტი და დაძლიეს 43%-იანი ბარიერი, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით გამოიწვევდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, ამომრჩევლებს ჰქონდათ რეალური არჩევანი განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, არჩევნები ზოგადად კარგად ორგანიზებული იყო და კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად ჩატარება. არჩევნების დღე იყო ორგანიზებული და გამჭვირვალე, მიუხედავად პროცედურული პრობლემებისა. საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და ონლაინ პირველად გადაიცემოდა, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა.

ამასთან, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა პოლიტიკური ძალების და მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზაციით, რასაც ზოგჯერ თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც კი. ევროპარლამენტის დეპუტატთა შეფასებით, ხშირად პირადი თავდასხმები დომინირებდნენ პოლიტიკურ დეპატებზე, რაც ამომრჩეველს ართმევდა ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას.

ევროპარლამენტართა განცხადებით საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ფართოდ გავრცელებული მტკიცება მოსყიდვის და კანდიდატების, ამომრჩევლების და ჟურნალისტების დაშინების შესახებ.

ევროპარლამენტის წევრები აუცილებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ბაზის შემდგომ სრულყოფას ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კამპანიის დაფინანსების, დავების გადაწყვეტის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მხრივ. ასევე, პოლიტიკაში ქალების ნაკლებობის პრობლემის გადაწყვეტას.

არჩევნების მეორე ტურის წინ ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, შეწყდეს პირველი ტურის დროს გამოვლენილი უკანონო ქმედებები. ევროპარლამენტის წევრებს იმედი აქვთ, რომ პოლიტიკური წრეები გამოიჩენენ პასუხისმგებლობას და სიმწიფეს - მათ პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ საკუთარი ხალხის ინტერესები, ერთხელ და სამუდამოდ გადაშალონ კონფრონტაციის ფურცელი და განახორციელონ აუცილებელი რეფორმები. ევროპელი დეპუტატების განცხადებითვე, ევროპარლამენტი ისევ მზად არის საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დახმარებისთვის დემოკრატიის მხარდასაჭერად, იმ პირობით, თუ ქართველი კოლეგები მზად იქნებიან კონსტრუქციული მონაწილეობისთვის.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლება კიდევ ხუთზე მეტ პარტიას.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

2 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 51.92% იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG