Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმაზ ახვლედიანი: ვადამდელი არჩევნები 2022 წელს გარდაუვალია


არმაზ ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
არმაზ ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი არმაზ ახვლედიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ გადალახული 43%-იანი ბარიერის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია. გადაცემაში მან თქვა, რომ არჩევნების ჩასატარებლად ყველაზე ოპტიმალურ დროდ კვლავ 2022 წელს მიიჩნევს:

„რეალურად პირველმა ვთქვი შარშან 2020-ის დეკემბრის დასაწყისში, რომ 22-ში უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები-მეთქი. მაშინ ბევრმა ვერც გაიგო ჩემი ნათქვამი, თუმცა ამის შემდეგ თითქმის ყველა იმეორებს, რომ სწორედ 22-ია ყველაზე ოპტიმალური. ახლა იმის თქმა მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ 2024-მდე არაფერი ჩატარდება, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, სწორედ 22-ში“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან ვადამდელი არჩევნების გამართვის მთავარ პირობად დაასახელა „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობის არარსებობა, როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლეთის კრიტიკული შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით სავარაუდოდ კიდევ უფრო გამკაცრდება:

„იმის კვალობაზე, როგორ განვითარდება პროცესი უახლოეს დღეებში, მათ შორის სააკაშვილთან მიმართებაში, ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიმძიმის იქნება შეფასებები. უბრალოდ ამ წნეხს „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს და ესეც განაპირობებს იმას, რომ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ეგრეთ წოდებული ინერტული თუ პასიური ამომრჩევლის საკმაო ნაწილი, რაც იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდეს დიდ ქალაქებში. ეს კი შექმნის რეალურ გარემოს, როცა ვადამდელი არჩევნები იქნება გარდაუვალი და ის 46 თუ 47 პროცენტი, მისაკუთრებული, მიტაცებული 47 პროცენტი, შეუძლია ჩარჩოში ჩასვას კობახიძემ და კაბინეტში ჩამოიკიდოს. იმიტომ რომ კობახიძე ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. არც ღარიბაშვილი. შავრაზმელების ეპოქა უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „დილის საუბრებში“.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46%-ზე მეტი, მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30%-ზე მეტით და მესამეზე "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმა მისცა 7%-ზე მეტმა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში წევრები ეყოლება კიდევ ხუთზე მეტ პარტიას.

ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

2 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა 51.92% იყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევდა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ 1%-იანი შედეგის შემთხვევაშიც კი არ ჩატარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG