Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა მოიგო მეორე ტური (და მეტი ამომრჩევლის გული)


 ქართულ ოცნება მესამედ ემზადება არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის დასამარცხებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 1 ოქტომბრამდე ერთიანობას შენარჩუნებას ცდილობდნენ  საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის და მისი დაკავების შემდეგ ისევ დაიშალნენ და ინდივიდუალურ სტრატეგიებს დაუბრუნდნენ. 

“ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნების წინ უკვე გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რომელსაც კრიტიკულ მომენტში ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყენებდა ხოლმე:

  • ჯარიმების ჩამოწერა
  • სესხების სუბსიდირება
  • მეგაპროექტების დააპირებები რეგიონებისთვის
  • ოპონენტების დაშინება და შანტაში, იძულება უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე
  • სავარაუდო მოსყიდვა
  • ხალხმრავალი კონცერტები რეგიონებში

მმართველმა პარტიამ 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის:

  • 5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანიაში.
  • უარი თქვა ვაქცინაციის აგრესიულ კამპანიასა და მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე
  • უარი თქვა ულტამემარჯვენე, კონსერვატორი, ანტიდასავლური, რადიკალური ჯგუფების დასჯაზე, რომლებიც ფიზიკურად ესხმიან თავს მედიასა და უმცირესობების წარმომადგენლებს.
  • ნარკოტიკების თემა გამოიყენა ყოფილი თანაგუნდელის და ოპოზიციაში წასული გიორგი გახარიას მარგინალიზაციისთვის.

არჩევნების წინ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გამოაკრეს სისხლიანი ბანერებიც, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იყო გამოსახული. ასეთი ბანერები პირველად 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოფინეს, იმ განსხვავებით, რომ ახლა “პირსისხლიანთა” ჯგუფს გიორგი გახარიაც შეუერთდა.

მეორე ტურისთვის ნაცადი ხერხებიდან მმართველ პარტიას არ გამოუყენებია მხოლოდ ერთი - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა და მისი გამოსახვა ბანერებზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა ერთხელ უკვე გამოიყენა.

მმართველმა პარტიამ პირველი ტურის შემდეგ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ძირითადად მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს.”

საერთაშორისო დამკვირვებლები 2 ოქტომბრის შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებული იყო, მედიაზე თავდასხმები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კი საგანგაშო. ირაკლი ღარიბაშვილის წერილი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ მასში კვლავ ფიგურირებს ნარკოდამოკიდებულების თემა. ამჯერად პრემიერ-მინისტრი მესამე პრეზიდენტის ნარკომომხმარებლობასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. საჯარო პირების მხრიდან ამგვარი განცხადებები კვებავს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ.

და მაინც, რა დარჩა ხელისუფლებას არსენალში მეორე ტურებში მოსაგებად?

“უფრო ძველი მეთოდების უფრო მეტად გამოყენებას ველი, ვიდრე ახალი ხრიკების გამოგონებას. მე მგონია რომ ახლა გაათმაგდება და გაასმაგდება ის რესურსი, რასაც ისედაც ხარჯავდა მმართველი პარტია ხმებისთვის: დაშინება, ფულის შეთავაზება, არჩევნებზე წასვლის იძულება” - ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე რომელიც თვლის, რომ ჯერ ყავლი არ გასვლია ხელისუფლების ნაცად ხერხებს. ის რომ ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს, დემოკრატიის უკუსვლის, ეკონომიკური კრიზისის, პანდემიის ცუდად მართვის და რეფორმებზე უარის თქმის შემდეგ “ქართული ოცნება” კვლავ ახერხებს აიღოს არჩევნებში თითქმის 50%, სწორედ იმის დასტურია, რომ მმართველი პარტიის მეთოდები მუშაობს - გაუქმებული გადასახადები თუ დაპირებული კეთილდღეობის იმედი საზოგადოების გულწრფელი ნაწილის გულს ისევ იგებს. მხარდაჭერების სხვა ჯგუფები კი დაშინებულია ან მოსყიდული.

“ იუმორით ვიტყვი, ცოტა მეტი ფული დავახარჯინე ამათ [ქართულ ოცნებას], ვიდრე ადრე ხარჯავდნენ. წინა არჩევნებზე 50 ლარი ღირდა ერთი ხმა, ახლა ორასი ლარი გახდა. ვერ გეტყვით ჩემი დამსახურებაა ეს თუ ინფლაციის” - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა გურჯაანში, სერგო კაკალაშვილმა არჩევნების მეორე დღეს, 3 ოქტომბერს.

“ჩემი შრომის შედეგად თიანეთში მიწის, ბინების და ხმების ფასი საგრძნობლად გაიზარდა”- ეს თამაზ მეჭიაურია, რომელიც თიანეთის მერობის კანდიდატი იყო 2 ოქტომბერს და ხმების 22% აიღო. მეორე ტურში ის მმართველი პარტიის კანდიდატს დაუპირისპირდება.

მმართველი პარტია ყოველთვის პირველ ტურზევე ცდილობს ხოლმე ყველა რესურსის მობილიზებას, მით უმეტეს ამას ეცადა ამ არჩევნებში, სადაც 43%-იანი ბარიერის თემა აქტუალური იყო. მათ მაქსიმალური მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, რომ ეს ბარიერი გადაელახათ” - გვეუბნება სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლებამ ამოწურა ამომრჩევლის “გულის მოგების” რესურსი?

- თან კი და თან არა.

ხელისუფლება მეორე ტურამდე დარჩენილ სამ კვირაში ვერ მოიგებს მათ გულს, ვისაც ცვლილებები სურს, მაგრამ მას შეუძლია უფრო მეტ ადამიანს აიძულოს ხმა მისცეს მის სასარგებლოდ და ასევე უფრო მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი დაარწმუნოს, რომ მისთვისვე სჯობს, არ წავიდეს არჩევნებში, გააღრმავოს ნიჰილიზმი და უნდობლობა არჩევნების მიმართ.

ნინო დოლიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა ახალი დაპირებებიც გასცეს, გარდა ამისა, “ ახლა ხელისუფლება სუს-ის ხელით, მაქსიმალურად ჩუმად და უხილავად მოახდენს ამომრჩეველზე ზეწოლას.” - ფიქრობს ნინო დოლიძე.

რასაც ნინო ამბობს, ამას ადასტურებს უახლესი წარსულის გამოცდილებაც. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 56%-ზე მეტი იყო, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში - 46.8% აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში - 56.3 %
სალომე ზურაბიშვილის შედეგი პირველ ტურში - 38,64% სალომე ზურაბიშვილის შედეგი მეორე ტურში - 59,52%

“ბევრი თვალსაზრისით ამ არჩევნებმა პრეზიდენტის არჩევაზე უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. საარჩევნო დისკურსმა - მედიის ხელშეწყობით - ამომრჩევლების უკიდურესი გახლეჩვა გამოიწვია და მათ არჩევანის გაკეთება “სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელსა” და “მილიარდერი ოლიგარქის კორუმპირებულ, უუნარო მმართველობას” შორის შესთავაზა”- წერდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ NDI.

ეს აღწერა აქტუალურია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც ოპოზიციამ რეფერენდუმად შეაფასა. წელს კოალიციად შეკრულ ოპოზიციურ პარტიებს პროგრამაც კი არ წარუდგენიათ, რაც როგორც დღეს ფასდება მცდარი სტრატეგია აღმოჩნდა.

“ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე მას ქართული პარტიები “სთავაზობენ. მხოლოდ ის, რომ ის ცუდია და მხარი მე დამიჭირე, არ არის საკმარისი. ამომრჩეველს ჭირდება პასუხები მის კითხვებზე, პრობლემების მოგვარების გზები პოლიტიკოსებისგან” - ამბობს ნინო დოლიძე. ის თვლის, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ დრო აუხსნან ამომრჩეველს, რატომ იმსახურებენ მათ ხმებს, თუმცა გასათვალისწინებელია მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიც, რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მომხრე ამომრჩეველთა აქტივობაზე.

“სულ ვამბობთ, რომ პროგრამა არის წარმატების შემადგენელი. მარტო პროგრამით ვერაფერს იზამ, მაგრამ ის ნამდვილად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პროგრამით ამომრჩველს ეუბნები, რომ გრძნობ პასუხისმგებლობას და გაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა იყო ხელისუფლებაში შენ და არა სხვა. ადამიანებს აინტერესებთ პასუხი მარტივ კითხვაზე: მე რა, შენ რომ მთავრობაში მოხვალ?!” - ამბობს ლევან ცუცქირიძე. ის და მისი ორგანიზაცია წლებია პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ საარჩევნო პროგრამებია, რომელსაც ქართული პარტიები ჯერ კიდევ უფრო მარკეტინგულ საშუალებად აღიქვამენ ლევანი კი თვლის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესის ნავიგატორი, რომლის დახმარებითაც შეიძლება იპოვო პარტნიორები, შექმნა კოალიციები, გამოიწვიო ცვლილებები თუნდაც მცირე თემებში, ლოკალურ დონეზე და არჩევნებიდან არჩევნებამდე პარტია გააძლიერო იდეების გარშემო.

“პარტიების უმეტესობას სუნთქვა აღარ ყოფნით გრძელ დისტანციაზე სარბენად” - ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე ქართული პარტიების მდგომარეობას და რესურსებს. ის თვლის, რომ წინასაარჩევნო კამპანიებს საქართველოში აკლია ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა მაგალითად დებატების კულტურა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საზიანოდ იმოქმედა იმანაც, რომ უმეტეს ქალაქებსა და უბნებში დაგვიანებით, არჩევნების დღემდე მცირე ხნით ადრე წარადგინეს შეთანხმებული კანდიდატები. საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩეველი უცნობმა კანდიდატებმა დააბნია.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეორე ტური პირველად 2014 წლის თვითმმმართველობის არჩევნებზე ჩატარდა, მეორედ კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 2014 წლისგან განსხვავებით, როცა მეორე ტური 13 მუნიციპალიტეტში გაიმართა, წელს კი 20 მუნიციპალიტეტში იქნება მეორე ტური: 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში მეორე ტურზე ამომრჩეველთა უფრო დაბალი აქტივობა იყო პირველ ტურთან შედარებით, თუმცა სახელისუფლებო კანდიდატმა პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის დიდი სხვაობა აჩვენა მიღებულ ხმებში.

აქტივობა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე თბილისში: 37,3% აქტივობა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე თბილისში: 34,3 %
დავით ნარმანიას შედეგი პირველ ტურში: 46,0% დავით ნარმანიას შედეგი მეორე ტურში: 72,47%


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG