ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 4 ოქტომბერს დაკავებული გოგა მეტრეველი და რომან გოჩაშვილი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია: „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის” გამოყენებით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“.
კარალეთის დევნილთა დასახლების მცხოვრებლები ნიკოლოზ ფეხშველაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, რომან გოჩაშვილი და გოგა მეტრეველი 4 ოქტომბრის საღამოს, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, მდინარე ლიახვის სანაპიროზე გავიდნენ. ოთხივე დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილია. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შენიშნეს. გიორგი ჯავახიშვილმა ერგნეთის მიმართულებით გაქცევა მოახერხა, ნიკოლოზ ფეხშველაშვილიც გაიქცა, მაგრამ 10 -12 მეტრის სიმაღლის თხრილში ჩავარდა, ხელი მოიტეხა და თავი დაარტყა. ის დააკავეს და ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, მოგვიანებით ოსურმა მხარემ ფეხშველაშვილი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობა აქვს, გადმოსცა ქართულ მხარეს. მას ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ. მეტრეველმა და გოჩაშვილმა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარეს, ისინი ცოტა ხნის წინ ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადმოსცეს.
დაწერეთ კომენტარი