Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილს და სააკაშვილს უწოდებს საწამლავს პოლიტიკურ სხეულში


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას.

კელი ტვიტერზე წერს, რომ ორივე საწამლავია პოლიტიკურ სხეულში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის მის ქვეყანაში, ვინც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ამჯობინებს ეროვნულ ინტერესებს.

იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო 2015-2018 წლებში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG