პარტია "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია თბილისის უბნების გადათვლას ითხოვს. მისი თქმით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება.
მისი თქმით, პარტია "ლელოს" იმისთვის, რომ მიიღოს დამატებით ერთი მანდატი და გაიყვანოს მეორე ადამიანი საკრებულოში, აკლია 0,6%; "გირჩს" მეორე მანდატისთვის სჭირდება 0,7%; "დროას", იმისთვის, რომ გაიყვანოს ერთი ადამიანი საკრებულოში, სჭირდება 0,3%.
"ჩვენ გვაქვს საუბარი ძალიან ცოტა ხმაზე, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს... ამ ფონზე, როგორ გამოიყურება გაყალბების სურათი: ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი ოქმი. მაგალითად, ერთ-ერთში პირდაპირ იყო გადახაზული მონაცემები და ცესკოზე ატვირთული. თუმცა ეს ოქმი მოიპარეს და გააქრეს, მექანიკურად შეცვალეს საიტზე, რაც არის სისხლის სამართლის საქმე", - აცხადებს ხოშტარია.
მანვე აღნიშნა, რომ ვაკის #72 უბანზე "დროას", სადაც ეწერა 0, აღმოაჩნდა 20 ხმა; საბურთალოს #88 უბანზე, სადაც ეწერა 1, აღმოაჩნდა 18 ხმა, იმავე უბანზე "გირჩს" მოემატა 2 ხმა და სხვა უბანზე - 6. საბურთალოს მე-17 უბანზე "ლელოს" ეწერა 9 ხმა და აღმოაჩნდა 115.
"115 ხმა იყო გადაგდებული, მოპარული "ქართული ოცნების" და ცესკოს მხრიდან. ეს არათუ ერთ მანდატს ნიშნავს, არამედ კარდინალურად ცვლის თბილისში სურათს", - ამბობს ხოშტარია.
ცესკომ 2 ოქტომბრის არჩევნების ბიულეტენების დათვლა დაასრულა. ამ მოცემულობით, თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობას" - 13; "ლელოს" - 2; "საქართველოსთვის" - 4; "ქართულ ოცნებას" - 28; "გირჩი - მეტი თავისუფლებას" - 1; "ანა დოლიძე ხალხისთვის" კი 1 მანდატი აქვთ. საკრებულოში წარმომადგენელი არ ეყოლება "დროას".
დაწერეთ კომენტარი