Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა დასაჯოს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის პოლიტკოვსკაიას სიკვდილში


ანა პოლიტკოვსკაია
ანა პოლიტკოვსკაია

ევროპის კავშირი ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე კვლავ გამოვიდა მოწოდებით, დაისაჯოს ამ ბოროტმოქმედების ყველა პასუხისმგებელი.

პოლიტკოვსკაია მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ააშკარავებდა კორუფციას რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ადამიანის უფლებების დარღვევებს ჩეჩნეთში. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს, მოკლეს საკუთარ ბინასთან.

მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, სათანადოდ გამოეძიებინა ეს დანაშაული.

დანაშაულისთვის გაასამართლეს ჯგუფის წევრები, რომლებმაც შეასრულეს დაკვეთილი მკვლელობა, მაგრამ ხელისუფლებას „არ ჩაუტარებია ადეკვატური საგამოძიებო ქმედებები იმ პირის ან პირების გამოსავლენად, რომლებმაც დაუკვეთეს მკვლელობა,“ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში.

„დღეს პატივს მივაგებთ ანა პოლიტკოვსკაის, ‘ნოვაია გაზეტას’ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ რუს დამცველს, რომელიც ხმას იმაღლებდა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ და განაგრძობდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას მიუხედავად მრავალჯერადი დაშინების მცდელობისა,“ განაცხადა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ.

სტანოს თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, იზრუნოს, რომ პასუხი აგოს ყველამ, ვინც დგას პოლიტკოვსკაიას მკვლელობის უკან. რუსეთმა ასევე უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და „დაიცვას ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები“.

სტანომ აღნიშნა, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობა აღინიშნება მაშინ, როცა „დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის რუსეთის მთავრობის მხრიდან. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მედიასაშუალებებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მაგრამ ასევე ცალკეულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ანიჭებენ „უცხოეთის აგენტისა“ და „არასასურველის“ იარლიყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG