Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის უკრაინიდან გასვლის გამო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა


უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ოფიციალურ შემოწმებას აწარმოებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტზე. რამდენიმე თანამდებობის პირი სამსახურებრივ მოვალეობას ჩამოაშორეს, ამის შესახებ სასაზღვრო დეპარტამენტის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ გამოცემა "უკრაინულ პრავდას" განუცხადა.

უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მართლაც ახორციელებს ოფიციალურ შემოწმებას. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ფაქტის მოკვლევა. დეტალურად მოწმდება ყველა ინფორმაცია, როგორ გავიდა უკრაინის ფარგლებიდან", - განაცხადა მან.

დემჩენკოს სიტყვებით, ამჟამად სამხრეთ რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამდებობის პირი მოკვლევის და მისი დასკვნის ეტაპამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოშორებულია.

დამაზუსტებელ კითხვაზე, მონაცემთა ბაზაში ასახულია თუ არა სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა დასძინა, რომ საკითხის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ამგვარი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლია.

მანამდე უკრაინული გამოცემა „ცენზორ, ნეტ“-ის მთავარმა რედაქტორმა იური ბუტუსოვმა განაცხადა, რომ „სასაზღვრო ბაზაში სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლა აღნიშნული არ არის“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და საპატიმროში შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG