Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება: უახლოეს დღეებში მასშტაბური აქცია გაიმართება


ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მობილიზების გზით მასშტაბური საპროტესტო აქციის ორგანიზების გადაწყვეტილება მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა საბჭომ. პარტია ორ მოთხოვნას დააყენებს.

„მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ყველას, ვისაც ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას, ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს", - განაცხადა პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა.

აქციის თარიღს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.

პარტიამ 30 ოქტომბერს დანიშნული მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის შესახებაც მიიღო გადაწყვეტილება.

„შევდივართ მეორე ტურებში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ ბოლომდე. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია 30 ოქტომბრის არჩევნები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ გამარჯვება და დავიხსნათ მესამე პრეზიდენტი. ასევე, რიგით ადამიანებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ სადამკვირვებლო მისიაში, თითოეული უბანი იქნება დასაცავი 20 ოლქში, სადაც ოპოზიცია არის მეორე ტურში, სოციალური ქსელებით მოგვაწოდეთ თქვენი ინფორმაცია და ჩაერთეთ უბნების დაცვაში", - თქვა ხაბეიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება მმართველი პარტიის კანდიდატის კახა კალაძისა (44.97%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას (33.98) მონაწილეობით.

5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს სამართალდამცველებმა. ის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც 5 ოქტომბერს მოინახულა უკრაინის რადის დეპუტატმა, ლიზა იასკომ, რომელიც 1 ოქტომბერსვე ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ახალი პარტნიორია.

XS
SM
MD
LG