Accessibility links

site logo site logo

არ შეშინდა - მონტენეგროს მაგალითი ნატოს გზაზე


დროში ერთმანეთს დაემთხვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანთან დაკავშირებული ორი მოვლენა - ნატოს სამხედრო კომიტეტის სტუმრობა და ალიანსის წევრი ქვეყნის, მონტენეგროს პრეზიდენტის, მილო ჯუკანოვიჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისში.

ვიდრე 4 წლის წინ ნატოში გაწევრიანდებოდა, მონტენეგრომ რუსეთის დიდ წნეხს გაუძლო. კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ მილო ჯუკანოვიჩი იყო, იმ ხანად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ამ პატარა სახელმწიფოს, ექსპერტები განიხილავენ მაგალითად საქართველოსთვის - თუ როგორ შეიძლება მაინც მიაღწიო ნატოში გაწევრიანების მიზანს, გაბრაზებული რუსეთის აგრესიის მიუხედავად.

ნატოს სამოქმედო რეკომენდაციების შემმუშავებელი უმაღლესი და მუდმივმოქმედი ორგანოს, სამხედრო კომიტეტის, შემადგენლობა კი საქართველოში უკვე მეოთხედ ჩამოვიდა. ექსპერტები პრობლემურად მიიჩნევენ, რომ საქართველო მაღალ სტუმრებს არასახარბიელო პოლიტიკური გარემოთი ხვდება.

მონტენეგრო - მაგალითი საქართველოსთვის

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ამ პატარა, ბალკანურ სახელმწიფოში სულ 621 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ჯერ იუგოსლავიის, ხოლო შემდეგ სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალმა ქვეყანამ დამოუკიდებელი არსებობა, რეფერენდუმის შემდეგ, 2006 წლის ივნისიდან დაიწყო.

ნატოში გაწევრიანებამდე არაერთი წელი დასჭირდა და პროცესი 2017 წლის ივნისში წარმატებით დაგვირგვინდა - მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი გახდა.

სავარაუდოდ, სწორედ ეს ფაქტი იგულისხმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, როცა თქვა, რომ მონტენეგროს „გაწევრიანება ატლანტიკურ საბჭოში შედგა 2017 წელს“.

შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უფრო დიდი ყურადღება მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს დაუთმო და თქვა, რომ - საქართველომ ამ ქვეყნის გამოცდილება უნდა გაიზიაროს.

„მისი (მონტენეგროს) გზა ევროპისკენ არის ჩვენთან შედარებით წინ წასული. ის არის უკვე შესული გაწევრიანების მოლაპარაკებებში, რაც არის ჩვენი ოცნება და ძალიან საინტერესო იქნება, რომ ჩვენ გაგვიზიაროს ის გამოცდილება დღევანდელ დღეს სწორედ, როცა ჩვენ ვემზადებით 2024 წლისთვის და ჩვენი კანდიდატურის განცხადებისთვის [ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის 2024 წელს შეტანა „ქართული ოცნების“ გეგმაა - რ.თ.]...

მნიშვნელოვანია, რომ დღეს და ახლა მივიღოთ კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელიც არის ჩვენი ერთობლივი დიდი ეროვნული მიზანი“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მონტენეგროს პრეზიდენტმა, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად სტუმრობს საქართველოს, 7 ოქტომბერს თქვა, რომ შორიდანაც კარგად იცნობს და თვალყურს ადევნებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ მოვლენებსაც.

მილო ჯუკანოვიჩი ფიქრობს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია მიზნების მიღწევა და არსებობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რთულ რეგიონში.

მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია და იმედი აქვს, რომ ევროპული გაერთიანების გაფართოება გაგრძელდება. ბოლო სამიტზე ევროკავშირთან გაწევრიანების კონტურები ისევ ბუნდოვანი დარჩა, თუმცა ქვეყნის მთავარ მიღწევას წარმოადგენს უკვე შემდგარი ფაქტი - ნატოში ყოფნა. ამ ფაქტის დიდ მნიშვნელობას სტუმარმა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაშიც გაუსვა ხაზი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე მონტენეგროს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან მაგალითად განიხილავს. მისი შეფასებით, ამ პატარა სახელმწიფომ ნატოში გაწევრიანებას დიდი მონდომების შედეგად მიაღწია.

„რუსეთი მიდიოდა ყველაფერზე, რომ მონტენეგრო არ გამხდარიყო ნატოს წევრი. მიმდინარეობდა ძალიან ძლიერი ჰიბრიდული შეტევა, იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის ჩარევით, უმაღლესი თანამდებობის პირების მოწამვლა... მაგრამ მონტენეგრომ მაინც შეძლო ურთულესი ამოცანის შესრულება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მტკიცე მხარდაჭერით, ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდის სირთულეების მიუხედავად...

ნატოში გაწევრიანების გარეშე ეს პატარა ქვეყანა უბრალოდ ვერ იარსებებდა და ის მაგალითია ამ კუთხით საქართველოსთვის. ამ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, მიზანმიმართულად იმუშავა. ის არ შეუშინდა და არ თქვა - რუსეთი დიდია და მოგვერევაო“, - გვეუბნება ფხალაძე.

როგორ ებრძოდა კრემლი

  • 2016 წელს, როცა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება უკვე გარდაუვალი რეალობა იყო, ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გამოავლინა და აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული გეგმა და თავდასხმა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩზე. ოფიციალური ინფორმაციით, შეთქმულებაში, სერბ ნაციონალისტებთან ერთად, რუსეთის დაზვერვის რამდენიმე აგენტიც მონაწილეობდა. კრემლში ამ ფაქტს დღემდე უარყოფენ;
  • პარალელურად, რუსეთი ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა მონტენეგროს შემოსავლებზე და კონკრეტულად - ადრიატიკის ზღვის ნაპირას მდებარე ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ტურისტულ სექტორზე. ისმოდა განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომ მონტენეგრო „ანტირუსულ ისტერიას“ აღვივებს და ამ ქვეყანაში რუს ტურისტებს საფრთხე ემუქრებათ;
  • რუსეთმა შეძლო განხეთქილების შეტანა ქვეყნის პარლამენტშიც - როცა ნატოში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მომხდარიყო, მოსკოვი ხარობდა, რომ პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა;
  • ნატოში გაწევრიანების მომხრეთათვის პრობლემად ითვლებოდა ის ფაქტი, რომ მონტენეგროში რუსეთის ათასობით მოქალაქეს ჰქონდა შეძენილი უძრავი ქონება - სახლები და მასობრივად იყვნენ ჩართული უძრავი ქონების ბიზნესში;
  • საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მონტენეგროს მოსახლეობა დაახლოებით თანაბრად იყო გაყოფილი ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებით.

დიდი ბრძოლების შემდეგ, ახლა მონტენეგროს გარედან თავდასხმების აღარ ეშინია. მისი სიმშვიდის გარანტორია ნატო.

თენგიზ ფხალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ყურადღებით შეისწავლის მონტენეგროს გამოცდილებას და ადეკვატურად გამოიყენებს მის უპირობო მხარდაჭერასაც.

რუსეთი არ შეცვლილა. 6 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ნატოს ხელმძღვანელობა ალიანსის შტაბბინიდან რუსეთის მისიის 8 თანამშრომელს გააძევებს მათ მიერ ალიანსის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი „მტრული საქმიანობის“ გამო.

7 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები რეკორდულად გაუარესებულია, ცივი ომის დასრულების შემდეგ.

სამხედრო კომიტეტის მეოთხედ ჩამოსვლა

სამხედრო კომიტეტი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება, 2014 წლის შემდეგ, საქართველოს უკვე მეოთხედ სტუმრობს.

ეს კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქციაა რეკომენდაციების შემუშავება ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის და მათ შორის - ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის.

საქართველოში ორი დღით ჩამოსულ შემადგენლობას ახალი თავმჯდომარე, ადმირალი რომ ბაუერი ხელმძღვანელობს. ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ეწვივნენ.

კომიტეტი სხდომას 8 ოქტომბერს, წინანდალში გამართავს. ოფიციალური ინფორმაციით, სხდომაზე სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებასა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნობიან.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიზიტის ფარგლებში მსჯელობა შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის - შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში.

თბილისის განმარტებით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მიზანი - გახდეს ნატოს წევრი.

ნატოს სისტემურ მიდგომას ძალიან აფასებს GSAC-ის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. თუმცა ის შიშობს, რომ საქართველოში ამჟამად არსებული არცთუ სახარბიელო შიდა თუ საგარეო პოლიტიკური ვითარების ფონზე, ვიზიტმა შესაძლოა სათანადო შედეგი ვერ მოიტანოს.

„მისასალმებელია, რომ სამხედრო კომიტეტი ვიზიტებს აგრძელებს - ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ნატოს ინტერესების სფეროში რჩება... მაგრამ, მეორე მხრივ, რას მოიტანს ეს ვიზიტი დღეს არსებული ვითარების ფონზე?!

შედეგებზე ძნელია ლაპარაკი, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ისიც მიღწევად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ნატო საერთოდ აგრძელებს თანამშრომლობას... სერიოზული წინსვლა მე ამ ფონზე არ წარმომიდგენია“, - გვეუბნება ჩეჩელაშვილი.

ექსპერტი გულისხმობს ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან წამოსულ მწვავე სიგნალებს, მათ შორის - გავრცელებულ ჩანაწერებთან - „სუს-ის ფაილებთან“ თუ შემდეგ უკვე, არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით.

ვალერი ჩეჩელაშვილისთვის აბსოლუტურად უსაფუძვლოა ხელისუფლების არგუმენტი, რომ საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასებები ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG