Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური სკანდალის შემდეგ ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლა


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ფინანსთა მინისტრი აზა ხაბალოვა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბიბილოვმა შესაბამის განკარგულებას ხელი 7 ოქტომბერს მოაწერა. ამ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე დროს ბიბილოვმა დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა.

„დროებით დაევალოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოვალეობა ფატიმა თიბილოვას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს", - ნათქვამია ბიბილოვის განკარგულებაში.

აზა ხაბალოვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ფინანსთა სამინისტროს პირველად 1999 წელს ხელმძღვანელობდა. მან 2008 წლამდე იმუშავა. ამ თანამდებობაზე იგი მეორედ 2012 წელს დაინიშნა ამ თანამდებობაზე და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ანატოლი ბიბილოვი მოვიდა, ე.წ მინისტრთა კაბინეტს 2017 წელს მესამედაც შეუერთდა.

აზა ხაბალოვას გათავისუფლებას წინ უძღოდა ოკუპირებულ რეგიონში დაწყებული ფინანსური სკანდალი, რომელიც რუსეთის კონტროლის პალატამ დე ფაქტო რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოწმების შემდეგ აგორდა. ბიბილოვის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსი მაკონტროლებლების მიერ შედგენილი დოკუმენტი საჯარო გაეხადა. ამის გამო დე ფაქტო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტიც კი გამოაცხადეს და განაცხადეს, რომ რუსეთის კონტროლის პალატის მიერ შედგენილ შემოწმების დოკუმენტებში სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, რაც ფინანსების არამიზნობრივ და უყაირათო ხარჯვას უკავშირდება. კერძოდ, სხვადასხვა სამსახურებში მკვდარი სულები და არარსებული ადამიანები იღებდნენ ხელფასებს და ამას რუსეთიდან გადმორიცხული ფინანსებით აკეთებდნენ.

რადიო თავისუფლების წყარო, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ ბოლო თვეებში ხაბალოვა სამსახურში აღარც დადიოდა, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემა ამ შემოწმების შემდეგ შეექმნა. ბიბილოვის გადაწყვეტილებას კი ის აფასებს, როგორც განტევების ვაცის მოშორებას. აქტივისტის თქმით, ყველა ფინანსური მაქინაცია, ხაბალოვას და ბიბილოვს შორის გარიგებით მიმდინარეობდა და მხოლოდ ყოფილი ფინანსთა მინისტრი ამაში დამნაშავე არ არის. მისი აზრით, კრემლიდან ბიბილოვს ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზე თითი დაუქნიეს და ხაბალოვას გათავისუფლების მიზეზიც ეს გახდა.

XS
SM
MD
LG