აშშ-ის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ ამერიკულმა კომპანიებმა თანამშრომლებს დააკისრონ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო აცრის ვალდებულება.
ბაიდენმა დამსაქმებლებს მოუწოდა, თანამშრომლებისგან ვაქცინაცია მოითხოვონ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ვაქცინაციას შეუძლია პანდემიის საბოლოოდ დამარცხება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყანას ისევ ელოდება ქაოსი საავადმყოფოებში და ეკონომიკური ზარალი.
სექტემბერში პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სავალდებულო გახადა სახელმწიფო მოხელეების და მთავრობის პარტნიორი კომპანიების თანამშრომლების აცრა. გარდა ამისა, ყველა საწარმოს, სადაც 100, ან მეტი თანამშრომელია, მოეთხოვება მათი აცრის, ან კვირაში ერთხელ ტესტირების უზრუნველყოფა.
პრეზიდენტ ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა მოჰყვა ზოგიერთი რესპუბლიკელი გუბერნატორის და იმ ამერიკელების მხრიდან, რომლებიც ვაქცინებს არ ენდობიან.
ამ დროისთვის აშშ-ში სულ მცირე ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის დაახლოებით 65%, ხოლო სრულად - 56%.