სტამბოლის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველომ და თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო უწყებამ დააკავეს ექვსი უცხოელი, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. მათგან ამოღებულია იარაღი და ვაზნები, მინიმუმ ერთ მათგანს რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა.
ტელეარხ Haberturk-ის ცნობით, დაკავების ოპერაცია ერთდროულად სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა - ორ ადგილზე ანტალიაში და სამგან სტამბოლში. ეჭვმიტანილებს აღმოუჩინეს სამი პისტოლეტი, რომელთაგან ერთ-ერთს მაყუჩი და ლაზერული სამიზნე ჰქონდა. ასევე პისტოლეტისა და სხვა იარაღის ვაზნები.
Haberturk-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს რუსეთის სამგზავრო პასპორტი ჩამოართვეს. თურქეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია განცხადება დაკავებულთა მოქალაქეობის შესახებ.