Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა 2014 წელს დონბასში მალაიზიის „ბოინგის“ კატასტროფისთვის


"მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ნამსხვრევები დონეცკის მახლობლად. 2014 წ. 17 ივლისი.
"მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ნამსხვრევები დონეცკის მახლობლად. 2014 წ. 17 ივლისი.

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა 2014 წლის ზაფხულში დონბასის თავზე მალაიზიის სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფისთვის. ამის შესახებ საუბარია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში. სამიტი დღეს გაიმართა კიევში.

ევროკავშირის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერებმა მოსკოვს ასევე მოუწოდეს, ყოველი ღონე იხმაროს, რათა ავიალაინერის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელნი მართლმსაჯულებას გადაეცნენ.

გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და აღნიშნეს მინსკის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობა.

დონბასში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ მათ პირდაპირ მხარდაჭერაში. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს.

შარშან ზაფხულის შემდეგ კონფლიქტის ზონაში ფორმალურად მოქმედებს საზავო შეთანხმება, მაგრამ სროლა კვლავაც გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან, უკრაინის მხარის მონაცემებით, 45 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. არის მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორისაც.

„მალაიზიის ავიახაზების“ „ბოინგმა“ (რეისი MH-17), რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულებდა რეისს, 2014 წლის 17 ივლისს განიცადა ავარია დონეცკის ოლქში. მასში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ავიაკატასტროფასთან კავშირს.

XS
SM
MD
LG