Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გავრცელებას


ომბუდსმენი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ. ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - სამედიცინო პერსონალთან.

უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ასევე, ადეკვატური ყურადღება ექცევა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა (არტერიული წნევა, პულსი, სატურაცია, გლუკოზა) და სხვა პირადი მონაცემების (მის მიერ შეძენილი ნივთების) თაობაზე. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უწყების ვალდებულებაა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს მხოლოდ გონივრულ ფარგლებში.

„ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება, პირის ნებართვის გარეშე, ერთის მხრივ ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ - შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.

პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ამიტომ, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას", - აცხადებს სახალხო დამცველი.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამ საკითხს მეორე დღეს, 11 ოქტომბერს გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია და თქვა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და "სიკვდილს არ აპირებს".

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

XS
SM
MD
LG