Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან 7 თვეში სრულად აცრის მაჩვენებელი 31%-ია


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 12 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 6 837 ადამიანი.

ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-საც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. განსაკუთრებით შემცირებულია პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი.

ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, სულ მცირე ერთი დოზით აცრილთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 1810-ით, ხოლო სრულად ვაქცინირებულების - 5272-ით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 889 200 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.3%. სრულად ვაქცინირებულია 884 902 - მოზრდილი მოსახლეობის 31%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%-ის აცრას. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის უფრო რთული და გადამდები "დელტა" ვარიანტის მასობრივად გავრცელების გამო, ეპიდემიის შესაჩერებლად საჭიროა, რომ ვაქცინირებული იყოს 80%.

ვაქცინაციის გასააქტიურებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრი იწყებს ე.წ. მარათონს სხვადასხვა რეგიონის 49 დიდ სოფელში, სადაც 3 000-ზე მეტი მოსახლეა. ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ პროცესი დაიწყება შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, სადაც 13 სოფელია შერჩეული. გამყრელიძის ინფორმაციით, 15-16 ოქტომბერს, მოსახლეობის მობილიზაციისთვის წინასწარ სამუშაოს ჩაატარებენ სპეციალური ჯგუფები, მომავალი კვირის ორშაბათიდან კი, იგეგმება აცრის დაწყება მობილური ბრიგადების და ადგილობრივი ექიმების მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG