Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მზადაა


საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით ჩაერთვება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფში.

„სიამოვნებით მივიღებთ იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებას, რომ ჩავერთოთ მონიტორინგის ჯგუფში, სადაც იქნება წარმომადგენლობა როგორც დარგობრივი სპეციალისტების, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეების, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, იქნება ჩართული სახალხო დამცველი და ვფიქრობ, ეს იქნება მრავალსაფეხურიანი დაზღვევის მექანიზმი, რომ, ერთი მხრივ, დაზღვეული იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე დაზღვეულ იყოს ის, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და ის არ გახდეს სპეკულაციის საგანი, - უთხრა მედიას დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ჯგუფის ფორმატში გაეცნობიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებს. მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, მაგრამ მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობა ყოველთვის საყურადღებოა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სააკაშვილს ურჩევნია ის პირადმა ექიმმა მოინახულოს ხოლმე.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რაც შეეხება იმას, შედის თუ არა ჩვენს ინტერესებში [მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობა], ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ასევე უარი თქვა სამედიცინო ჩარევაზე. ექიმთან დაკავშირებით მას აქვს სურვილი, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს მასთან შეხვედრების შესაძლებლობა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს, თქვეს, რომ „აშკარად შეინიშნება სიფერმკრთალე“.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე დღეს შეეცდება ციხეში შესვლას. მას ამის საშუალება ორშაბათს არ მიეცა შესაბამისი საშვის ვადის ამოწურვის გამო. მიხეილ სააკშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი უშვებს, რომ შესაძლოა ექიმს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცეს.

„გამორიცხული არაფერი არ არის, კარგად ვიცით, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. შესაბამისად, შეიძლება საერთოდ არ მისცენ ნებართვა, ეს იქნება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პატიმარი შიმშილობს“, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

12 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი. გარდა ამისა, ის მიმართავს თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;

იუსტიციის სამინისტრო სთხოვს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

მიხეილ სააკაშვილი მე-13 დღეა შიმშილობს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამ საკითხს მეორე დღეს, 11 ოქტომბერს გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია და თქვა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და "სიკვდილს არ აპირებს".

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG