Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუშაო ფორმატზე შეთანხმდნენ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრები


იუსტიციის სამინისტროში გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრა. სამინისტროს ნობით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ფორმატზე.

იუსტიციის ინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ერთად დაგეგმავენ კონკრეტულ ნაბიჯებს.

„დღევანდელი შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. სახალხო დამცველს ვთხოვეთ, განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა და მათი ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ერთადერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც გამოვლინდა, იყო მისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროება. საქმე ეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურ ინფორმაციას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს იყო მისი, როგორც პატიმრის უფლების დარღვევა. ლომჯარიას თქმით, სხვა რაიმე პრობლემები და დარღვევები სახალხო დამცველის აპარატს არ გამოუვლენია.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს ისე რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები. ის მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროში მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას.

„მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ ჯგუფის შექმნაში და ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი იქნება თანხმობა, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი რეგულარულად განახორციელებს ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე; ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე; სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამ საკითხს მეორე დღეს, 11 ოქტომბერს გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია და თქვა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და "სიკვდილს არ აპირებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG