Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში პოლიტიკური ძალები ახლოს არიან კოალიციურ შეთანხმებასთან


ოლაფ შოლცი

გერმანიის სოციალ-დემოკრატები (SPD), „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ახლოს არიან ახალი მთავრობის ფორმირებასთან. ბუნდესტაგში ამასწინათ გამართული არჩევნების შემდგომ დაწყებული წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად, სამი პარტიის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ახალი მმართველი კოალიციის შექმნის ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებას.
ამის შესახებ პარასკევს განცხადება გააკეთა სავარაუდო მომავალმა კანცლერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ოლაფ შოლცმა.

სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა სავარაუდო მომავალი მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწყვეტები. მასში, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურ საკითხებს, კერძოდ, განახლებადი ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული ენერგეტიკის განვითარებას. პროგრამა 2030 წლამდე ენერგეტიკაში ქვანახშირზე უარის თქმას ისახავს მიზნად. პროექტი ითვალისწინებს ასევე მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე გაზრდას და საპენსიო ასაკის მომატებას.

ბუნდესტაგში ძალთა განლაგება იმდაგვარია, რომ შესაძლოა „დიდი კოალიციის“ გაგრძელება, რასაც ეწინააღმდეგება როგორც SPD, ისე CDU/CSU-ს ბლოკი. შესაძლებელია ასევე კოალიციის შექმნა „მწვანეებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მონაწილეობით, თუ ეს პარტიები შეთანხმებას გააფორმებენ როგორც სოციალ-დემოკრატებთან, ისე ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან. მაგრამ პირველ ადგილზე გასულ სოციალ-დემოკრატებს აქვთ მეტი შანსი, რომ სწორედ ისინი გახდებიან მომავალი კოალიციის მმართველი ძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG