საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, განსაკუთრებით პირადი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
„მას ახლა სამედიცინო დახმარება სჭირდება, რომელიც პირადი ექიმის არყოფნის გამო არ ეძლევა საჭირო დოზით. გვპირდებიან, მაგრამ არ უშვებენ უკვე მეხუთე დღეა“, - თქვა ლიზა იასკომ.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, კარგი იქნებოდა თუ არა მისი ჰოსპიტალიზება ციხის მიღმა კლინიკაში, ლიზა იასკომ განაცხადა, რომ „ეს, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება“.
„მისი ჯანმრთელობა ძლიერ უარესდება, ძალიან ძლიერ და ფაქტი, რომ მისი პირადი ექიმი ბოლო რამდენიმე დღეა არ შეუშვიათ, ძალიან გვაშფოთებს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, ვინაიდან მესამე კვირაა შიმშილობს. ძალიან გახდა. ჩანს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ეწყება, სამწუხაროდ, ასეთია ადამიანის ფიზიოლოგია. ვფიქრობ, არ გაქვს რაიმეს ლოდინის დრო, საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა მისი აქედან გათავისუფლებისთვის, სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ არ გაუარესებულა“, - ამბობს ლიზა იასკო.
თუმცა, მისი სიტყვებით, სააკაშვილი არ წუხს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, „ვინაიდან ის ნამდვილი მებრძოლია“.
ლიზა იასკოს თქმით, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ამაყობს ქართველი ხალხით.
„მასზე ძალიან იმოქმედა. რომ ამდენი ხალხი გამოვიდა მის მხარდასაჭერად, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - უთხრა იასკომ რადიო თავისუფლებას.
რადის დეპუტატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით, მუდმივ კონტაქტში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, პრეზიდენტთან.
„ასევე აქ ჩვენს საკონსულოსთან და საელჩოსთან, ვფიქრობ, ახლა უკრაინა მაქსიმალურს აკეთებს, რისი გაკეთებაც ამჟამად შეიძლება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განცხადება, რომ ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, მყისიერად გააკეთა, ოთხშაბათს განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, როგორ შეიძლება გადაწყდეს და როგორ შეიძლება დაიცვან უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ახლა ბევრი რამ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ლიზა იასკო.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ელოდება ციხეში შესასვლელად საჭირო საშვის დაშვებას. მეხუთე დღეა, მას მიხეილ სააკაშვილი არ მოუნახულებია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზად არის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილოს.
14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი მეთხუთმეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.