კორონავირუსით ინფიცირების 56 შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებული ახალგორის რაიონში, აქედან 48 სოფელ წინაგარის ზონაში და 8 ახალგორში, - ინფორმაციას ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი ავრცელებს. მისი თქმით, რაიონში ვითარება ყოველდღიურად რთულდება.
„ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში რაიონის 8 მცხოვრები მკურნალობს. დღეს კიდევ ველოდებით 20-მდე ადამიანის ტესტის პასუხს. სამწუხაროდ, საერთო სურათი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. იზრდება მძიმე შემთხვევების რაოდენობაც. ვისთანაც მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება, მათ სახლებში ვაკვირდებით და კონსულტაციას ვუწევთ”, – ამბობს ბედოევი. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფო ოცამდე მძიმე პაციენტის მისაღებადაც მზადაა, რადგანაც აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით.
რაც შეეხება საავადმყოფოს მთავარ გამოწვევას, როგორც ექიმი აცხადებს, ეს ექიმების დეფიციტს უკავშირდება.
„ჯერჯერობით ჩვენი ძალებით ვუმკლავდებით, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულება საფიქრალს გვიჩენს, მაგრამ თუ ვითარება უმართავი გახდება ცხინვალელი ექიმების გამოძახება გახდება საჭირო”. ბედოევი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა დაკავშირებულია, მოქალაქეების მიერ რეგულაციების უგულებელეყოფასთან. მისი აზრით, უნდა გამკაცრდეს შეზღუდვები და დაწესდეს ჯარიმები დამრღვევების მიმართ. ექიმის განცხადებით, რაიონში არც პირბადეებს იკეთებენ და არც მასობრივ ღონისძიებებზე ამბობენ უარს.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში ინფიცირების 123 შემთხვევა გამოვლინდა, რაც მორიგი ანტირეკორდია.
დაწერეთ კომენტარი